ანა ნაცვლიშვილი უგულავას დაკავებაზე - ერთადერთი განზომილება, რომელიც ამ საქმეს აქვს, არის პოლიტიკური

"ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი გიგი უგულავას დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს და აცხადებს, რომ ეს მორიგი პოლიტიკური რეპრესიის ტალღაა. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.

"გიგი უგულავას საქმის კომენტირებისას ძალიან არ შევალ სამართლებრივ განხილვაში იმიტომ, რომ დღეს ამ საქმეს სამართლებრივი განზომილება არ აქვს. ერთადერთი განზომილება, რომელიც ამ საქმეს აქვს, ეს არის პოლიტიკური. ნათელია, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციის არაერთ ლიდერს პროკურატურასა და სასამართლოში დაატარებენ, კრიტიკული მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და დამფუძნებლების მიმართ სამართლებრივი დევნა მიმდინარეობს და აქტივისტების მიმართ დგება უკანონო და უსამართლო გადაწყვეტილებები, ამ კონტექსტში ვერ იქნება ეს საქმე განხილული, როგორც სამართლებრივი გადაწყვეტილება. ეს არის იმ ფარსის გაგრძელება, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს იმიტომ, რომ მას არ შეუძლია შემოგვთავაზოს განვითარება, პროგრესი, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. მათ მთელი პოლიტიკური პროცესი პროკურატურასა და სასამართლოში გადაიტანეს იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ პოლიტიკა აკეთონ, მხოლოდ ძალადობა, ფარსი და ტყუილი შეუძლიათ",-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, "ნათელია, რომ ეს მორიგი პოლიტიკური რეპრესიის ტალღაა, რომელიც სამწუხაროდ ქვეყანას ანგრევს".

"სამწუხაროდ, ეს არ არის მართლმსაჯულების განხორციელება, ამიტომ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ ეს არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საქმე, სამწუხაროდ უნდა ესმოდეთ, რომ როდესაც პროკურატურა და სასამართლო გამოიყენება ოპოზიციის დევნისთვის, ვერც რიგითი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ ამ ქვეყანაში თავს მშვიდად".

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ, მოსალოდნელია თუ არა ხელისუფლების სხვა პოლიტიკური ოპონენტების დაკავება, ნაცვლიშვილი პასუხობს, რომ არ გამორიცხავს, რეპრესიები გაგრძელდეს.

"ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ რეპრესიების ეს ტალღა გაგრძელდეს იმიტომ, რომ არაერთი პოლიტიკური ლიდერის, მათ შორის "ლელოს" პოლიტიკური ლიდერების, მედიასაშუალებების დამფუძნებლების მიმართ მიმდინარეობს საქმეები ზოგი პროკურატურაში, ზოგი სასამართლოში. "ქართულ ოცნებას" კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი გეგმა ნათელია, ეს არის პოლიტიკური ველის მოსუფთავება, მაგრამ მათ მიმართ უკმაყოფილება არ არის გამოწვეული მხოლოდ ოპოზიციის ლიდერების თავში. "ქართული ოცნება" ამ ქვეყანას არასწორი მიმართულებით მიაქანებს და ხალხიც რომ ასე ფიქრობს, ამას ყველა ბოლო კვლევის ციფრებიც ადასტურებს. შესაბამისად, ისინი ოპოზიციაში ჩაუდგნენ საკუთარ მოქალაქეებს და ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს ებრძვის, ვერასდროს იმარჯვებს. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ეს არასწორი გზა აირჩია",-აცხადებს ნაცვლიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო