ნიკა გვარამია - სასამართლოში ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შემიცვალონ

“რუსთავი 2”-ის საქმეზე ბრალდებული ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მოსამართლემ თებერვალში მისი პროცესების ხშირად ჩანიშვნით მას ფაქტობრივად, “მთავარის” დირექტორობა აუკრძალა.

როგორც გვარამიამ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის სასამართლოში კვირაში მხოლოდ ერთხელ ივლის, თუნდაც აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალონ.

“მოსამართლემ თქვა, რომ ეს პროცესი მისთვის პრიორიტეტულია. არ ვიცი, რას ნიშნავს, პრიორიტეტულობა მის ენაზე მიკერძოებულობას ნიშნავს, როგორც ჩანს იმიტომ, რომ არავითარი წინაპირობები, რომლებიც მან თქვა, რომ მრავალტომიანია, მრავალეპიზოდიანი თუ მრავალმოწმეებიანი... არავითარი ბევრი აქ შესასწავლი არ არის, მასალის თვალსაზრისით, ასევე არც ბევრი მოწმე არ არის, აქ არ არის 1000 მოწმე, 60 მოწმეა დაახლოებით. ყოველ მეორე დღეს პროცესებია, ჩანიშვნა ნიშნავს მარტივ რამეს - ამ მოსამართლემ მე ახლა ამგვარი გრაფიკით ეფექტურად ამიკრძალა “მთავარის” დირექტორობა, მან მომხსნა ფაქტობრივად, ანუ ყოველ მეორე დღეს რომ პროცესია, მე წინა დღის უნდა გავეცნო მასალებს, შეკითხვები უნდა დავსვა, ვიცოდე და მზად ვიყო იმიტომ, რომ ეს მოწმეების დაკითხვაა, შესაბამისად, მთელი თებერვალი, რომელიც მან ყოველ მეორე დღეს ჩანიშნა, სამსახურში არ უნდა ვიარო, ეს გამორიცხულია. არჩევანს ტელეკომპანია “მთავარსა” და ამ სამარცხვინო ავღუას თავლას შორის, ვაკეთებ “მთავარის” სასარგებლოდ. მე შემიძლია პროცესს კვირაში ერთი დღე დავუთმო, მეტი მე არ მაქვს, ჩემი დასვენების ნახევარი დღე შაბათს რაც მაქვს, სხვა დღეს გადავიტანო და იმ დღეს პროცესზე ვიყო, სხვა დღე მე არ შემიძლია. მე არ მოვალ ამ პროცესებზე, ჩემ გარეშე ეს პროცესები ვერ ჩატარდება. პირდაპირ ვამბობ, მე არ ვაპირებ სასწრაფო გამოვიძახო, ცნობა მოვიტანო თუ “ავად ვარ, მიშველეთ” ვიყვირო, გამორიცხულია, ეს არის რეალურად პოლიტიკური პროცესი, სამწუხაროდ პროცესის ბოლოს ეს აბსოლუტურად ცხადი გახდა, ეს მოსამართლე არის ამ ავღიას თავლის ერთ-ერთი ბინძური ცხენი და მე მასთან აკადემიურ ფარგლებში კომუნიკაციის გაგრძელებას ნამდვილად არ ვაპირებ. ვივლი კვირაში ერთხელ ისე, რომ შევძლო ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელობა და თუ უნდათ, შეცვალონ აღკვეთის ღონისძიება და შემიცვალონ პატიმრობით. პატიმრობაში ჯდომა მირჩევნია იმას, რასაც ახლა ეს კაცი მთავაზობს. მატარონ ძალით პროცესებზე, პატიმრობაში გადაიხდიან პოლიტიკურ ფასს, წერტილი, ეს არის ჩემი ბოლო სიტყვა”, - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ “რუსთავი 2”-ის საქმის გრაფიკი დაადგინა. მისი გადაწყვეტილებით, დღევანდელი პროცესის შემდეგ, თებერვალში კიდევ 5 პროცესი ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო