სახალხო დამცველი იაროსლავ სუმბაევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი იაროსლავ სუმბაევის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წარდგენის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს. ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2019 წლის ოქტომბერში ქართულმა მხარემ დააკმაყოფილა რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობა იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციის თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ინტენსიურად აკვირდებოდა მოცემულ საქმეს და მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადიციამდე.

საქართველოს პროკურატურიდან მიღებული ინფორმაციით, იაროსლავ სუმბაევს ბრალი არ ჰქონდა წარდგენილი იმ დანაშაულისთვის, რომლისთვისაც სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯაა დადგენილი. ამასთან, ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციის თანახმად, იგი ვერ გასამართლდებოდა წარსულში ჩადენილი სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც ექსტრადირება არ მოთხოვნილა. კონვენციის მიხედვით, გამონაკლისია ისეთი შემთხვევა, როდესაც გადამცემი მხარე (ამ შემთხვევაში - საქართველო) გასცემს თანხმობას. ამასთან, იმ დანაშაულისთვის, რომელზეც თანხმობა გაიცემა, ექსტრადიციის შესახებ კონვენციის შესაბამისად, შესაძლებელი უნდა იყოს ექსტრადიციის განხორციელება. კონვენცია მიუთითებს, რომ ექსტრადიცია შეიძლება არ განხორციელდეს, თუ ექსტრადიციის მომთხოვნ სახელმწიფოში კონკრეტული დანაშაულისთვის სიკვდილით დასჯაა გათვალისწინებული და ეს სახელმწიფო ვერ წარმოადგენს საკმარის გარანტიებს, რომ სასიკვდილო განაჩენი სისრულეში არ იქნება მოყვანილი.

აქვე აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებებით, რუსეთის ფედერაციას სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი აქვს გამოცხადებული.

ექსტრადიციის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს არ შეუწყვეტია იაროსლავ სუმბაევის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობა და პროკურატურას სთხოვა გაერკვია ხომ არ იგეგმებოდა რუსეთის ფედერაციაში იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენება.

გენერალური პროკურატურის 2020 წლის 7 თებერვლის წერილით დგინდება, რომ რუსეთის ფედერაციამ დამატებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და იაროსლავ სუმბაევისთვის ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე დამატებითი ბრალდების წარდგენის შუამდგომლობით.

ამ დროისთვის ქართულ მხარეს რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.

კანონმდებლობის თანახმად, იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის (მის მიერ წარსულში შესაძლო ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით) წარდგენაზე თანხმობას გასცემს საქართველოს იუსტიციის მინისტრი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის პოზიციის გათვალისწინებით.

როგორც ხელისუფლებისთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების დარღვევის სიხშირით რუსეთს 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაგებული საქმეების რაოდენობით პირველი ადგილი ეკავა. მხოლოდ 2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ ამ ორი უფლების დარღვევისა და მისი არაეფექტიანი გამოძიების 130 შემთხვევა გამოავლინა.

შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია სისტემატიურად არღვევს კონვენციურ ვალდებულებებს, სრულად ვერ გამოირიცხება სიკვდილით დასჯაზე გამოცხადებული მორატორიუმის უგულვებელყოფის საფრთხე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პროკურატურასა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს არ მიიღონ დადებითი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის შუამდგომლობაზე და არ გასცენ თანხმობა იაროსლავ სუმბაევისთვის დამატებითი ბრალის წაყენებაზე ე.შ.-ს მკვლელობის ფაქტზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა არსებითად დაირღვეს იაროსლავ სუმბაევის უფლებები ქართული მხარის ხელშეწყობითა და მონაწილეობით“,-ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი  - საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები იმ შემთხვევაში აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ, თუ სომხეთი ახლო მომავალში შეძლებს გახდეს სატრანზიტო ქვეყანა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი  - „ოცნების“ „დაისი“ ახლოვდება, ივანიშვილმა დაასწრო მისი, როგორც დამარცხებული ლიდერის როლში ყოფნის პერსპექტივას  და წასვლით ერთგვარად თავი დაიზღვია
სოციალური ბარათის პინ კოდის მოქმედების ვადა 15 აპრილამდე გაგრძელდა
ინექსკრედიტი - ახალი პროდუქტი ინტელიექსპრესისგან, ქართველი ემიგრანტებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის
ორამინ-F - საკვები დანამატი, რომელიც ორგანიზმს მატებს სასიცოცხლო ენერგიასა და ტონუსს
ტერაბანკი ბიზნესკლიენტების დასახმარებლად
2021 წლის საოცარი დასაწყისი! Samsung Galaxy S21 |S21+ | S21 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო