ვახტანგ ძაბირაძე - თუ პოლიტიკაში დაბრუნდებიან, მარგველაშვილს და კვირიკაშვილს „ლელოსთან“ ბევრი კვეთა აქვთ და აქ მოიყრიან თავს: ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე

გიორგი კვირიკაშვილის დაბრუნება რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, თუმცა ამან შეიძლება კიდევ ერთი საქმე „გაუჩინოს“ პროკურატურას“,- ასე ეხმიანება პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე „ინტერპრესნიუსთან“ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, სადაც ის ირაკლი ალასანიას და გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, გიორგი კვირიკაშვილს და გიორგი მარგველაშვილს ცალკე ძლიერი პარტიის შესაქმნელად საჭირო საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვთ, თუმცა, მათ ბევრი კვეთა აქვთ „ლელოსთან“ და „ლელოში“ მათი გაწევრიანებით, საკმაოდ საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება . კერძოდ, პარტიაში თავს მოიყრის ერთად სამი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი - ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ ირაკლი ალასანიას პოლიტიკაში დაბრუნება ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ის ამ ეტაპზე პოლიტიკურად აქტიური არ არის.

„თუ პოლიტიკაში ბრუნდებიან, მათ უნდა იფიქრონ არა ახალი პარტიის შექმნაზე, არამედ არსებული, რომელიმე პარტიის თუ გუნდის გაძლიერებაზე. ძალიან ბევრი კვეთა აქვს ერთსაც და მეორესაც (გიორგი მარგველაშვილს და გიორგი კვირიკაშვილს) „ლელოსთან“ და ძალიან საინტერესო იქნება, თუ „ლელოში“ მოხდება მათი პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება, იმიტომ რომ „ლელოში“ თავს მოიყრის ყოფილი ხელისუფლების სამი უმაღლესი თანამდებობის პირი: ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე. ძალიან საინტერესო კონფიგურაცია იკვეთება.

მათ რომ დამოუკიდებელი პოლიტიკური პარტია შექმნან, თუნდაც დაბრუნდეს ალასანიაც და სამივემ ერთად შეეცადონ ახალი პარტიის ჩამოყალიბებას, ეს არაფერს მოიტანს, იქნება კიდევ ერთი რიგითი პარტია. „ლელოში“ მათი გაწევრიანება კი „ლელოს“ გააძლიერებს, მათი მისვლა „ლელოში“, ნამდვილად შეუქმნის „ლელოს“ იმას, რასაც ჰქვია მესამე ძალის ცენტრი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გიორგი კვირიკაშვილზე საქმეს აღძრავენ. ცალკე აღებული მარგველაშვილ-კვირიკაშვილი ბევრი არაფერი ძალის მატარებელია, „ლელოსთან“ ერთად ეს იქნება ძლიერი გუნდი,“- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

გუშინ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გიორგი მარგველაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს და ირაკლი ალასანიას მიმართა.

„მოვუწოდებ ყველას, გიორგი კვირიკაშვილი იქნება, ირაკლი ალასანია თუ სხვები, ყველას, ვინც ერთად ვიდექით 2012 წლამდე და შევქმენით 1-ლი ოქტომბერი. მოვუწოდებ ყველას, ვინც 1-ლი ოქტომბერი მოიტანა, როგორც პროგრესული და ახალი ნაბიჯი ქართულ პოლიტიკურ კულტურაში, დღეს იგივე პრობლემები დგას ჩვენ წინაშე, რაც სავალალო და ტრაგიკულია“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა