თბილისში „ამერიკული კულტურის ცენტრი“ დაფუძნდა

„ამერიკული კულტურის ცენტრმა“ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ განაცხადა. დამფუძნებლების ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს შორის კულტურული კავშირების განვითარების მიზნით შეიქმნა.

მისი დამფუძნებლები არიან: ინგლისურენოვანი გაზეთ The FINANCIAL-ის მთავარი რედაქტორი, ზვიად ფოჩხუა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) და ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, მაიკლ ქავგილი და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ გაზეთ „მეტრონომის“ მთავარი რედაქტორი გენო ჯოხიძე.

ცენტრმა დონორების მხარდაჭერა, ამერიკული ღირებულებების, კულტურის, ტრადიციების, ასევე აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული ეკონომიკური, სამხედრო დახმარების, ასევე უსაფრთხოების და დემოკრატიის განვითარების სფეროში მხარდაჭერის შესახებ, ქართული საზოგადოების ინფორმირებისთვის უნდა გამოიყენოს.

„ამერიკული კულტურის ცენტრი“, საქართველოსა და აშშ-ს შორის მზარდი თანამშრომლობის საპასუხოდ დაარსდა. ცრუ ინფორმაციების და პროპაგანდის ეპოქაში, ქართულ საზოგადოებას ამერიკული კულტურის ღირებულებების და აშშ-ს რეგიონში ინტერესების შესახებ ინფორმაციის მისაღებად სანდო წყარო სჭირდებათ”, – განაცხადა ცენტრის თავმჯდომარემ, ზვიად ფოჩხუამ.

მისივე თქმით, აშშ-საქართველოს ურთიერთობა არასოდეს ყოფილა ასეთი მნიშვნელოვანი. „საქართველო რჩება აშშ-ს მეკავშირედ რეგიონში, რაც, საერთო ღირებულებებზე, ინტერესებზე და კოორდინირებულ პოლიტიკაზეა დაფუძნებული. ცენტრის საქმიანობა განათლების და კულტურის სფეროში განამტკიცებს ორგანიზაციას და მის გავლენას ქართულ საზოგადოებაში“, - აცხადებს ცენტრის თავმჯდომარე.

„ჩემთვის, როგორც ორმაგი მოქალაქისთვის, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი ვიდრე საქართველოს ინტეგრირება დასავლურ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ცენტრს შეუძლია ითამაშოს გადამწყვეტი როლი ამ პროცესში”, – განაცხადა ცენტრის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და მისმა საპატიო თავმჯდომარემ, მაიკლ ქავგილმა.

ამერიკული კულტურის ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია მარტის ბოლოს, თბილისში გაიმართება.

„ამერიკა ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით. ყველაზე კრიტიკულ სიტუაციებში ის გვიწევდა ყველანაირ დახმარებას და დღეს ჩვენი ერთად დგომა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, თუკი ბოლო გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობით, როცა საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა დასავლეთთან ინტეგრაციას“, - განაცხადა „ამერიკული კულტურის ცენტრის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გენო ჯოხიძემ.

„შეგახსენებთ, 1992 წლიდან დღემდე, საქართველომ აშშ-სგან $4,348,400,000 ოდენობის ფინანსური დახმარება მიიღო. აშშ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან სამხედრო და სამოქალაქო დახმარებას უწევს საქართველოს. 2012 წლიდან, სამოქალაქო დახმარების მოცულობამ 64 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 140 მილიონი დოლარი, 5 წლიანი გრანტი განათლების განვითარებისთვის.

2019 წელს აშშ-ს კონგრესმა გამოყო 90 მილიონი აშშ დოლარი, საქართველოში სამოქალაქო პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო 35 მილიონი აშშ დოლარი საქართველოს სამხედრო დახმარებისთვის, დამატებით, 2 მილიონი აშშ დოლარი – საერთაშორისო სამხედრო განათლების და გადამზადების პროგრამისთვის. თავდაცვის სფეროში დახმარება ასევე მოიცავს 35 მილიონიან ინიციატივას – საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა