რომან გოცირიძე - თურმე, დიალოგისკენ მოგვიწოდებენ მაშინ, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს - ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებას არავითარი დიალოგი არ უნდა. მისი თქმით, ყველა მათი წინადადება იყო დიალოგის იმიტაცია.

„ისინი შეგნებულად გვთავაზობდნენ ისეთ ვარიანტებს, რომ ოპოზიციას უარი ეთქვა და შემდეგ ყველაფრის ოპოზიციისთვის გადაბრალება მომხდარიყო ამომრჩევლისა და საერთაშორისო პარტნიორების თვალში. უმკაცრესი საერთაშორისო კრიტიკის ფონზე მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ ნაცად ხერხს მიმართოს, რაც არის სიცრუე, ორპირობა, მოტყუება, თვალის ახვევა. თურმე, დიალოგისკენ ახლა მოგვიწოდებენ. ეს მაშინ ხდება, როცა დიალოგის მაგიდასთან მჯდომი ადამიანი დააპატიმრეს. ამ ცირკსა და თამაშში შეყოლა უაზრობაა.

„ქართულ ოცნებას" არავითარი ცვლილებები და დიალოგი არ უნდა. ეს არის დროის გაწელვის და მძაფრი საერთაშორისო კრიტიკის განეიტრალების მცდელობა, რის გამოც ასეთ განცხადებებს აკეთებენ. მათი მხრიდან არც ერთი წინადადება არ ყოფილა ისეთი, რომ ოპოზიციისთვის მისაღები ყოფილიყო. აბსურდულ რამეს გვთავაზობენ, 100/50-ზე იყოს, ოღონდ, მთელი ცხოვრება და 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ნორმა გავაუქმოთო, რაც კონსტიტუციაში წერია. თან, თქვენი ხელით გავაუქმოთ, ჩვენ პარლამენტში ამისთვის საკმარისი ხმები არ გვყოფნისო. ამას დიალოგზე დაპატიჟებას და კონსტრუქციულ წინადადებას უწოდებენ. ვიცით, რომ „ქართული ოცნების" საფირმო ხრიკი სიცრუე იყო, თუმცა უკვე ამ სიცრუის არავის სჯერა. მათ ისეთი მოლაპარაკება არ უნდათ, სადაც კომპრომისის საფუძველზე მისაღები იქნებოდა, ორმხრივად საჭირო შედეგი. „ქართული ოცნების" შემოთავაზება არის უგნური და არაკონსტრუქციული“, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" მიზანი დღეს გახდა პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა 2024 წელსაც.

„ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში, „ქართული ოცნება" პოლიტიკური ველიდან პოლიტიკურ სანაგვეში მიდის. ამას ყველა ლოგიკა ადასტურებს. ყველა ავტორიტარული რეჟიმი იმ ლოგიკით იცვლება, რაც დღეს არის - ჯერ ზურგს ყველა პარტია აქცევს, შემდეგ საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა, შემდეგ მკაცრი საერთაშორისო გაფრთხილებაა, ბოლოს კი ეს პარტია მარცხდება. ჩვენი გზა არის მძაფრი პროტესტის ფონზე, არჩევნების გზით, „ქართული ოცნების" გასტუმრება პოლიტიკურ მოუსავლეთში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო