პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მმართველ პარტიას მოსალოდნელი საფრთხეების ეშინია, რომელიც არჩევნების გზით გამოიკვეთება.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პერსონალურ ტერორზე გადავიდა, რადგან მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნოდ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაანეიტრალოს.
„ფაქტია, რომ რეჟიმი უკან არ დაიხევს, იმიტომ რომ მათ ეშინიათ არჩევნებში დამარცხების. არანაირი სისტემა მათ არ შველით, როგორი საარჩევნო სისტემაც არ უნდა იყოს. გადავიდნენ პერსონალურ ტერორზე, ოპოზიციური ლიდერების დაკავებაზე, რათა მაქსიმალურად ბევრი ადამიანი გაანეიტრალონ. ფიქრობენ, რომ ამით მაინც მიაღწიონ რაღაცა შედეგს, რადგან ყველა კვლევა ამბობს, რომ ისინი კატასტროფულ დღეში არიან,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციონერმა ლიდერმა სამოქმედო გეგმებზეც ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა მთავარ აქცენტს, რომელიც 4 აპრილის მასშტაბურ საპროტესტო აქციას ეხება. ვაშაძემ ქართველ საზოგადოებას აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
„აღარ აქვს აზრი ,,ქართულ ოცნებასთან’’ საუბარს. ვაპირებთ ძალიან ბევრ რაიონსა და რეგიონში ჩავიდეთ, შევხვდეთ გლეხებს და ვუთხრათ, რომ მათ მიწას ფასი ექნება და ამ ქვეყანას პერსპექტივა აქვს. სოფელი განვითარებული იქნება, შევხვდებით რაიონის მცხოვრებლებს და ვეტყვით, რომ რეალური თვითმმართველობა იქნებათ ქალაქებში. ჩვენ უნდა შევხდეთ ადამიანებს და ვუთხრათ, რომ სასამართლო იქნება მიუკერძოებელი და ისინი აირჩევენ მოსამართლეებს და პროკურორებს. პირველი პრეცენდენტია საქართველოს უახლეს ისტორიაში, როდესაც უპრეცენდენტო რაოდენობით ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან და ამბობენ ერთ რამეს - დიახ, ჩვენ ყველა ერთად უნდა წავიდეთ და ერთი გზავნილით უნდა შევხვდეთ ხალხს. ქვეყანა არის გადასარჩენი! ჩვენ ვართ ერთი მხრივ, საერთაშორისო იზოლაციის წინაშე და მეორე მხრივ, გაჭირვების, უბედურების პროცესის წინაშე. გვსურს ვუთხრათ ხალხს, რომ საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს და ბიძინა ივანიშვილი, ,,ქართული ოცნება’’ არ არის გამოწერილი ჩვენთვის, სამუდამოდ. გადაწყვეტილება არის თითოეული მოქალაქის ხელში. თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და არ გვინდა ვიყოთ ამ უბედურებაში, მაშინ ჩვენ თვალი უნდა გავახილოთ,“ -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.