ირმა ინაშვილი - 7 წლის მანძილზე „ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება

7 წლის მანძილზე „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, რომ არა ეს აუხსნელობა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არ იქნებოდა.

„დამნაშავეების დასჯას, სააკაშვილის ჩათვლით, ჩვენ ვითხოვთ არა 2012 წლიდან, არამედ ჯერ კიდევ 2005 წლიდან. ყველა დამეთანხმება, რომ ამ მოთხოვნაში ჩვენ ვიყავით და ვართ თანმიმდევრულები. რატომ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას? ეს შურისძიებაა? რა თქმა უნდა, არა! დამნაშავეების დასჯას და ფუნდამენტურ გამოძიებას, პირველ რიგში, იმიტომ ვითხოვთ, რომ დამნაშავეების დაუსჯელობა ახალი თაობისთვის ნიშნავს ცუდ, ძალიან ცუდ მაგალითს: შეიძლება დანაშაული ჩაიდინო და მერე ბედნიერად იცხოვრო. მეტიც, პოლიტიკურ ასპარეზზე შემოიჭრა და გვასწავლო, რა არის ცუდი და რა არის კარგი. ამავე კონტექსტში განვიხილავთ უგულავას საკითხს და არა მარტო უგულავას საკითხს. სხვა თემაა, რომ 7 წლის მანძილზე „ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ სჯის დამნაშავეებს და როცა ალაგ-ალაგ სჯის, მართლმსაჯულების შედეგი იმდენად გაუგებარ დროს, მოცემულობას და სიტუაციას ემთხვევა, რომ აუხსნელი ხდება, რატომ მაინც და მაინც დღეს და არა 6 თვის წინ ან 3 თვის შემდეგ? ეს აუხსნელობა რომ არა, პოლიტიკურ მოტივაციაზე საუბარი არც და ვერც იქნებოდა. იგივე უგულავას საქმე ძიებაშია ჯერ კიდევ 2013 წლიდან. ასეთი სტანდარტული, არართული საქმის გამოძიებას და მართლმსაჯულების შედეგს მაინც და მაინც 2020 წლის თებერვლამდე მოღწევა რატომ დაჭირდა? თუ ბიუჯეტიდან 48 მილიონის წაღების თემაზე გამოძიებას 7 წელს ანდომებ, სხვა, გაცილებით რთულ საქმეებს რა ვადებში გამოიძიებ, 2024 წლის არჩევნების წინ? ამ დროისთვის ან შენ სად იქნები და ან ქვეყანა რა ვითარებაში იქნება? აქვე უნდა ითქვას, რომ ბოლო 7 წლის მანძილზე "ქართული ოცნების" მხრიდან ბევრჯერ გვინახავს სწორედ დროსა და კონტექსტს მოწყვეტილი ნაბიჯები, თუ გადაწყვეტილებანი. მაგალითად, წინასარჩევნოდ „ნაცმოძრაობის“ ორივე ფრთაზე სიტყვიერი შეტევა, „ფაშისტებო"-ს ძახილი და მერე რეზოლუციის ჩადგება, რომელიც სისტემური დანაშაულებების გამოძიებასა და კონკრეტული დამნაშავეების დასჯას გულისხმობს. სხვა მაგალითებიც მრავლადაა. გონიერი ადამიანი ლოგიკას ეძებს, მაგრამ რეალობა გვაჩვენებს, რომ არანაირ ლოგიკას ეს ნაბიჯები არ ექვემდებარება“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან საარჩევნო სისტემის თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ბოლომდეა მისაყვანი და ამის რესურსი ამოწურული არ არის.

„რაც შეეხება საარჩევნო სისტემის თემაზე მიმდინარე მოლაპარაკებათა ფორმატს, ჩვენი პოზიცია ცნობილია დიალოგში ჩართული ელჩებისთვის. მიმაჩნია, რომ მოლაპარაკებები მისაყვანია ბოლომდე და რესურსიც არაა ამოწურული, ამიტომ ჩვენ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებდით და ვიმოქმედებთ. ამ თემაზე აუცილებლად შევხვდები პარლამენტის თავმჯდომარეს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
პირველი კლინიკა დისტანცირებული რიგის მართვის სისტემით
„სმარტი“ წითელ ჯვართან და თბილისის მერიასთან ერთად საზოგადოებას ხანდაზმულთა მხარდამჭერ კამპანიაში ჩართვის საშუალებას აძლევს
კომპანია „ორბი ჯგუფი“ მედიკოსებს მადლობას უხდის