ვახტანგ მახარობლიშვილი - უვიზო რეჟიმი საქართველოსადმი ევროკავშირის ნდობისა და მხარდაჭერის  ძლიერ პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოციაციის კომიტეტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ხელშესახები შედეგია საქართველოს მოქალაქეებისათვის, ასევე დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს მთავრობისთვის, რათა უზრუნველყოფილ იქნას უვიზო მიმოსვლის დადებითი სტატისტიკა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მახარობლიშვილის თქმით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების დღიდან, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში საქართველოდან 1 მილიონზე მეტი უვიზო ვიზიტი განხორციელდა, რაც ცხადყოფს, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უვიზო რეჟიმის წესებს ემორჩილება. თუმცა, არსებობს საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი, რომლებიც ბოროტად იყენებენ უვიზო რეჟიმს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში დაუსაბუთებელი თავშესაფრის მოსაძიებლად.

„საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული გამოწვევების დარეგულირების მიზნით. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებელი რეაგირება მოახდინა უვიზო მიმოსვლის დარღვევის პირველ ნიშნებზე: დაიგეგმა სამიზნე ჯგუფზე ორიენტირებული საინფორმაციო კამპანია, შეიქმნა შენგენის მობილური აპლიკაცია, წევრ ქვეყნებში წარიგზავნა პოლიციის ატაშეები, შეთანხმდა ერთობლივი საოპერაციო მოქმედებები,“- განაცხადა მახარობლიშვილმა.

გამოსვლისას ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის ოფიციალურად აღიარების და თავშესაფრის მაძიებლების შემცირების საკითხებს. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე, ევროკავშირის/შენგენის 16 ქვეყანამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

„გვჯერა, რომ კონტროლირებადი/ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობა შესაძლოა, მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იქცეს საქართველოდან არალეგალური მიგრაციული ნაკადების პრევენციისა და შემცირებისთვის. საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შრომითი მიგრაციის შესახებ ორმხრივ ხელშეკრულებებს ევროკავშირის სამ წევრ ქვეყანასთან. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან,“-აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მახარობლიშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება და პასუხისმგებლობა ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ვალდებულებების მიმართ და აღნიშნა, რომ ქვეყანა ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებული სირთულეების დასაძლევად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა