ვახტანგ მახარობლიშვილი - ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება ქვეყანაში გატარებულ რეფორმებს

შესაძლებლობა მექნება წარვსდგე ევროპარლამენტარების წინაშე და მიმოვიხილო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 2019 წელს; ასევე, ვისაუბრო 2020 წლის გეგმებზე ,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოდის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მახარობლიშვილი ასევე ისაუბრებს უვიზო რეჟიმსა და ვიზა ლიბერალიზაციის კონტექსტში არსებულ გამოწვევებზე. ცალკე დღის წესრიგი აქვს დათმობილი რუსეთთან კონფლიქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებს.

პირველი მოადგილის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ საპარლამენტო განზომილებას, რომელიც გააჩნია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

მახარობლიშვილის განმარტებით, ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ინტენსიური თანამშრომლობა იყოს ორ პარლამენტს შორის, არამედ იმისთვისაც, რომ ეფექტური ზედამხედველობა გაუწიოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა 2019 წლის მნიშვნელოვან ღონისძიებებსა და შეხვედრებზე და აღნიშნა ბათუმის კონფერენციის მნიშვნელობა, რომლის ფარგლებშიც არაერთი მაღალი დონის სტუმარი ჩამოვიდა საქართველოში. მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ 2020 წელიც, გასული წლის მსგავსად, დატვირთული იქნება მნიშვნელოვანი ღონისძიებებით.

ვახტანგ მახარობლიშვილმა ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიშზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დოკუმენტში ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება გატარებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით.

„მინდა აუცილებლად აღვნიშნო, ის ფაქტი, რომ ერთი კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ასოცირების შეთანხმების 2019 წლის ანგარიში. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, გამომდინარე იქიდან, რომ საუბრობს ყველა სექტორზე, ყველა თავზე, რომელიც საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგშია. ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს როგორც მთავარ პარტნიორს რეგიონში და პოზიტიურად ეხმიანება გატარებულ რეფორმებს მთელი რიგი მიმართულებებით. რა თქმა უნდა, დოკუმენტი ასევე მოიცავს სხვადასხვა რეკომენდაციებს. ასოცირების შეთანხმება არის მრავალწახნაგოვანი დოკუმენტი, შესაბამისად, ქართული მხარე აბსოლუტურად მოტივირებულია და მზად არის, რომ გაგრძელდეს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია“ , - აღნიშნა მახარობლიშვილმა.

მათივე ინფორმაციით, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი შედგება საქართველოს პარლამენტის და ევროპარლამენტის წევრებისგან და ასოცირების ხელშეკრულების თანახმად ზედამხედველობს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებას, ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტებს შორის კავშირის განმტკიცებას.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს