დავით ბაქრაძე  უგულავას საქმეზე მისიის გამოგზავნაზე - მივესალმებით საერთაშორისო ჩართულობას, მაგრამ ეს„ოცნების“ „ტრიუკია“, ჩვენი მეგობრები მოატყუონ

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე ევროპარლამენტარების მიერ გიგი უგულავას დაკავების საქმესთან დაკავშირებით საქართველოში მისიის გამოგზავნას სკეპტიკურად უყურებს.

როგორც დავით ბაქრაძე აცხადებს, გიგი უგულავა დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, ამიტომ ნებისმიერი საერთაშორისო ჩართულობა მის პროცესში ძალიან კარგია. მისივე თქმით, საკითხის ასე დაყენება თავისთავად იმას ნიშნავს, რომ თვითონ „ქართული ოცნებაც“ კი აღიარებს, რომ გიგი უგულავასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არსებობს.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ კომისიას, რა თქმა უნდა, ძალიან სკეპტიკურად ვართ განწყობილები რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, როდესაც ადამიანი უზენაესი სასამართლოს განაჩენით უკვე ციხეშია, ამ კომისიის კონკრეტულ დატვირთვას ვერ ვხედავთ. ასეთი კომისია და მისია უნდა ჩამოვიდეს მაშინ, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და არა მაშინ, როდესაც უკვე შალვა თადუმაძის ხელმოწერით ადამიანი დაპატიმრებულია. მეორე, არსებობს ასეთი პრეცედენტი, როდესაც 2013 წელს ეუთო/ოდირის მონიტორები მაშინდელ სასამართლო პოლიტიკურ პროცესებს აკვირდებოდნენ, მათ მკვეთრად უარყოფითი დასკვნა დადეს, სადაც ძალიან სერიოზულად იყო გაკრიტიკებული პროცესების, როგორც სამართლებრივი, ისე პროცესუალური მხარე. „ქართულმა ოცნებამ“ ამ დასკვნას არავითარი ყურადღება არ მიაქცია, ისე როგორც არავითარ ყურადღებას არ აქცევს ევროპის სასამართლოს დადგენილებას ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. ამიტომ, მივესალმებით საერთაშორისო ჩართულობას, მაგრამ ჩვენი შეფასებით, ეს არის, უბრალოდ, „ქართული ოცნების“ „ტრიუკი“ რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ მოატყუონ ჩვენი მეგობრები, ევროპარლამენტარები და კონგრესმენები. კიდევ ერთხელ ჩააქრონ ცეცხლი და ისეთივე ტყულით გაძვრენ ფონს. როგორც გასულ კვირას, როდესაც საგარეო საქმეთ მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს არწმუნებდნენ, რომ საქართველოში არ იქნებოდა პოლიტიკური დევნა და დიალოგი მიმდინარეობდა და ამის პარალელურად დაიჭირეს გიგი უგულავა“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის დროის მოგების და ცეცხლის დროებით ჩაქრობის მცდელობა.

„ამიტომ, ამ ინიციატივაში ვერანაირ შინაარსსა და დატვირთვას ვერ ვხედავ, თორემ თავისთავად გიგი უგულავა არის პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული, მასთან დაკავშირებით ძალიან დიდი საერთაშორისო ყურადღება იქნება“, - განაცხადა ბაქრაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთი ამოცანა სწორედ ის არის, რომ რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო ყურადღებისა და ზეწოლის ცენტრში აღმოჩნდეს გიგი უგულავას საქმე, რადგან სწორედ საერთაშორისო ზეწოლით გიგი უგულავა ციხიდან აუცილებლად გამოვა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დაწერა, რომ გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით, მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტარებს შესთავაზა, რომ საქართველოში გამოგზავნონ ფაქტების შემსწავლელი მისია.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში