მარია კალიურანდი - ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს - ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს

„ამ საკითხის მიმართ ვიქნებით დიდი ყურადღებით. როგორც იცით, მომხსენებელთა მისია მიემართება საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც არიან მუდმივმოქმედი მომხსენებლები. ისინი მოამზადებენ ზოგადი სახის მოხსენებას საქართველოს შესახებ. ამდენად, ამ ეტაპზე, სხვა დეტალების შესახებ საუბარი არ შემიძლია. ყურადღებით გავეცნობით შეთავაზებას, განვიხილავთ მას ევროპარლამენტში და ქართველ კოლეგებთან ერთად”, - განაცხადა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, მარია კალიურანდმა იმ შეთავაზების თაობაზე, რომელიც გიგი უგულავას დაკავების შემდეგ მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთდა.

მარია კალიურანდის ინფორმაციით, ფაქტების შემსწავლელი მისიის წევრები ბოლოს მალტაში იმყოფებოდნენ.

„სხვადასხვა სახის მისიები შეიძლება იყოს - ოფიციალური ან არაოფიციალური. ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრები, ჩავდივართ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც შეხვედრებს ვმართავთ საზოგადოების წარმომადგენლებთან, მთავრობისა და ოპოზიციის წევრებთან. ევროპარლამენტს სხვადასხვა სახის მეთოდები აქვს”, - აღნიშნა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

მისი თქმით, იგი დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და იმისათვის, რომ აქცენტები იყოს თვალსაჩინო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, იგი დღევანდელ შეხვედრაზე გამოსვლის ტექსტს საიტზეც ატვირთავს.

„მე ვარ ესტონეთის ყოფილი საგარეოს საქმეთა მინისტრი, ესტონეთის ყოფილი ელჩი 6 ქვეყანაში, ამრიგად, საქართველო ძალიან ახლოსაა ჩემს გულთან, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით საკმაოდ დაინტერესებული ვარ. მე მაღელვებს ყველაფერი ის, რაც საქართველოში ხდება, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები. ჩემმა ქვეყანამაც იგივე გზა განვლო, რა გზაზეც დღეს საქართველოა. ეს გზა სავსეა გამოწვევებით. დღეს ესტონეთი წარმატებული ქვეყანაა - მას შეუძლია ევროკავშირის წევრობით მიღებული ყველა სარგებლის გამოყენება”, - განაცხადა მარია კალიურანდმა.

მან ყურადღება გაამახვილა ახალი საარჩევნო სისტემის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტზე.

„იმედს ვიტოვებთ, მმართველი გუნდი და ოპოზიცია მიაღწევს კონსენსუსს, რადგანაც ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან არჩევნებს. 2020 წლის არჩევნები ქართველი ხალხისათვის გარდამტეხი იქნება. ეს არჩევნები განსაზღვრავს თქვენს მომავალს, თქვენს რეფორმებს, ინტეგრაციას. შესაბამისად, ჩემი გზავნილია ვთხოვო ორივე მხარეს- ოპოზიციასაც და მმართველ გუნდსაც, რომ დაუბრუნდეს დიალოგის ფორმატს. ეს თქვენი ხალხის მომავალს ეხება”, -აღნიშნა კომიტეტის თანათავმჯდომარემ.

აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს