საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებაში მონაწილეობა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხ კოლეგასთან ლუბომირ მეტნართან შეხვედრაზე.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ჩეხ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება. ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე შეხვედრებსა და მაღალი დონის ვიზიტებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
„მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში ჩეხეთსა და საქართველოში გაცვლითი ვიზიტები განხორციელდება. მხარეებმა ლოჯისტიკური და სამხედრო განათლების მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელეს. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციას“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.