სულხან სალაძე არ გამორიცხავს, რომ თეიმურაზ აბაზოვის გამამართლებელ განაჩენს გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს

საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს მიერ მარნეულის ყოფილის მერისთვის თეიმურაზ აბაზოვისთვის გამამართლებელ განაჩენს გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს.

„მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომ აბაზოვი არ არის ჩვეულებრივი და ერთი რიგითი ადამიანი მარნეულის სინამდვილეში. მისი სტატუსისა და როლის გათვალისწინებით, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებას გარკვეული საარჩევნო დატვირთვა ჰქონდეს და მათ შორის, ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებზე ამყარებდეს გარკვეულ იმედს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. ამიტომაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მიეღო ის გადაწყვეტილება, რომელიც თანხვედრაში იქნებოდა კანონის მოთხოვნებთან“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესების მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე პროკურატურამ აბაზოვს დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება.

„გუშინ დამდგარი განაჩენით, პრაქტიკულად, ჩვენი შეფასებით, საზოგადოების მოლოდინების საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული სასამართლოს მხრიდან. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე პროკურატურამ, პრაქტიკულად, დაუსაბუთებლად და საეჭვოდ შეუმცირა წარდგენილი ბრალდება თეიმურაზ აბაზოვს, რაც უკვე იყო ერთგვარი ეჭვის საფუძველი, რომ შესაძლოა, ამ საქმეზე ისეთი გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული, რაც თეიმურაზ აბაზოვისთვის და გარკვეული ჯგუფისთვის შეიძლება ყოფილიყო საინტერესო. როგორც ჩანს, მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ალბათ, ყველაზე ადრე პროკურატურასთან, რომ მას შეემცირებინა ბრალი. ეს არის ერთი ნაწილი, რამაც, ჩვენი შეფასებით, გარკვეული გავლენა მოახდინა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე. გარდა ამისა, ჩვენთვის შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ თავად არსებული ფაქტის პირობებში სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება არის ერთგვარად წამახალისებელი და შემაშფოთბელი ამ ტიპის მოქმედებების მიმართ, რამაც შესაძლოა, ძალიან საშიში პრაქტიკა დაამკვიდროს ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა სალაძემ.

როგორც საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, არსებობდა საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ მარნეულის ყოფილი მერი თეიმურაზ აბაზოვი სასამართლოს გაემტყუნებინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო