მიხეილ კალანდიას ადვოკატი - დასკვნით სიტყვას მოვიტან, რომელიც გამამართლებელი განაჩენის პროექტი იქნება

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატი ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ დაკითხული 150 მოწმიდან მხოლოდ 3 მოწმის ჩვენება აქვს. აღნიშნულით ზურაბ თოდუა ბრალდების მხარის დასკვნით სიტყვას გამოეხმაურა, რომელიც სასამართლოში დღეს წარმოთქვეს.

„ობიექტური სასამართლო რეჟიმის პირობებში, ის სიტყვა, რაც დღეს ბრალდებამ წარმოთქვა, დაცვის სიტყვის გარეშეც კი, მოსამართლეს მხოლოდ გამამართლებელი განაჩენის დაწერის საფუძველს აძლევს. ამ სიტყვაში ვერ ვნახეთ ვერანაირი პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რასაც მიხეილ კალანდიას ედავებიან.

150 მოწმე დაიკითხა, მათი ჩვენება გაანალიზა ბრალდებამ, აქედან მხოლოდ 3 ჩვენებას იყენებს მიხეილ კალანდიას ბრალის სამტკიცებლად. ესენი არიან ორი მოწმე, მსჯავრდებულები, რომელთაც საპროცესო შეთანხმების იმედი ჰქონდათ, მათგან მხოლოდ ერთმა მიიღო საპროცესო შეთანხმება, ხოლო მეორემ იმის გამო, რომ დაზარალებულმა უარი განაცხადა საპროცესო შეთანხმებაზე, ის ამის გარეშე დატოვეს. მესამე მოწმე გახლავთ ის, რომლის ირგვლივაც ბრალდებას არანაირი ნაბიჯი გადაუდგამს. ბრალდების მხარემ ყველაზე უტყუარ მტკიცებულებას, რაც გიორგი მენაბდის მიმართ გააჩნდა, ხელაღებით გვერდი აუარა. ვერ გასცა კითხვაზე პასუხი, მაშინ როცა ბრალდებას გააჩნდა უტყუარი მტკიცებულება ამ მოწმის დაჭრის შესახებ, რატომ არ მიმდინარეობს ამ კუთხით გამოძიება. ვიდრე ამ კითხვაზე არ გასცემს ბრალდების მხარე პასუხს, ეს საქმე მუდმივად ბურუსში იქნება“, - განაცხადა თოდუამ.

მისივე განმარტებით, ის საკუთარ დასკვნით სიტყვაში იმ მტკიცებულებებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც სასამართლოს უპრეცედენტო გადაწყვეტილებას მიაღებინებს.

„დასკვნით სიტყვას მოვიტან, რომელიც გამამართლებელი განაჩენის პროექტი იქნება და მაშინ ობიექტური, მიუკერძოებელი სასამართლო ერთ წერტილსაც ვერ შეცვლის. ეს იქნება უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რათა ზოგიერთმა პოლიტიკურმა ძალამ ისწავლოს, რომ ასეთ ყოფით ნიადაგზე წამოშობილ საქმეზე არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დაგროვება“, - განაცხადა თოდუამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა