თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი პაციენტი რჩება, რომელთაც დიდი ალბათობით კორონავირუსი არ აქვთ

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ორი ქართველი პაციენტი რჩება, თუმცა, მისივე თქმით, დიდი ალბათობით, არცერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.

როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ორივე პაციენტმა კლინიკას დღეს მიმართა. ერთის ლაბორატორიული კვლევის შედეგი უკვე ცნობილია, ხოლო მეორეს გამოკვლევა ხვალ ჩაუტარდება.

რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ცერცვაძის თქმით, აქამდე კლინიკაში მყოფი ყველა პაციენტი უკვე გაეწერა.

„დღეს დილით შემოვიდა ერთი, 26 წლის ახალგაზრდა ქალი ჩინეთიდან, თუმცა, არა ჰუბეის პროვინციიდან. ის შემოვიდა სომხეთის გავლით, გამოიარა სახმელეთო საზღვარი, თუ არ ვცდები „სადახლო“, იქ გასინჯეს, ტემპერატურის მომატება აღინიშნებოდა 37-ნახევრამდე და გამოუშვეს აქ. ამ ქალს რენდგენოლოგიურად პნევმონია არ ჰქონდა, საერთოდ მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, მსუბუქია. აუღეს ნაცხი ხახიდან, არც გრიპის ვირუსები აღმოჩნდა და არც კორონა ვირუსი. ამ ქალთან დიაგნოზი მოიხსნა, ვინაიდან ლაბორატორიულად უარყოფითია მისი გამოკვლევის პასუხი და კლინიკურადაც არავითარი პნევმონია არ აქვს. ჯერჯერობით აქ არის, არ გაწერილა, ალბათ, ხვალ წავა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელიც კლინიკაში 1-2 საათის წინ შემოვიდა, ეს არის 19 წლის ახალგაზრდა ქართველი ბიჭი, რომელიც ჩინეთში გახდა ავად 28 იანვარს რესპირატორული ინფექციით და როგორც თვითონ ამბობს, ჩინეთში გამოურიცხეს კორონა ვირუსით ინფექცია და გამოუშვეს. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა ამ რესპირაციულმა ინფექციამ, რის გამოც ჩვენთან მოვიდა. რენდგენოლოგიური კვლევა ჩაუტარდა და პნევმონია არ აქვს, არ აქვს არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია, რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, მას ხახიდან ნაცხს ხვალ დილით აუღებენ და ხვალვე იქნება პასუხი. მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ ახალგაზრდას არ აქვს პნევმონია, სუნთქვის გაძნელება და სხვა კლინიკური ნიშნები, სავარაუდოდ, მას ეს არ უნდა ჰქონდეს. დანარჩენი პაციენტები გაეწერნენ. ბოქსირებულ განყოფილებაში მხოლოდ ეს 2 პაციენტი რჩება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სიახლეა, რომ კორონა ვირუსის გამოვლენისას გადამწყვეტი არის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, თუმცა, თუ შედეგი არის უარყოფითი ითვლება, რომ უარყოფითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტი ძალიან ჰგავს კორონავირუსით ინფიცირებულს.

„თუ შედეგი იქნა დადებითი, ის 100%-ით დადებითია. საბედნიეროდ, საქართველოში ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. თუ შედეგი არის უარყოფითი ითვლება, რომ უარყოფითია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტი ძალიან ჰგავს კორონა ვირუსით ინფიცირებულს. ეს არის სიახლე. პაციენტი ძალიან ჰგავს კორონა ვირუსით ინფიცირებულს, თუ მას აქვს რენდგენოლოგიურად დადასტურებული ინფექცია, სუნთქვის გაძნელება და ლეიკოპენია (ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება), მაშინ კლინიკას აქვს უფლება, რომ ეს პაციენტი დატოვოს როგორც ეჭვმიტანილი შემდგომი დაკვირვებისთვის და განმეორებით გამოკვლევისთვის. როგორც გაირკვა, ბოლო მონაცემებით, ლაბორატორიული ტესტი, რომელიც ძალიან დეფიციტურია 100 %-ში ყოველთვის არ იძლევა ზუსტ პასუხს“, - განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა