გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ჟურნალ „გემრიელიას“ ორგანიზებით, ღონისძიება „შეფ-ლიტერატორი“ გაიმართა

City roof terrace Bar-ში, გამომცემლობა „პალიტრა L-ისა“ და ჟურნალ „გემრიელიას“ ორგანიზებით, ღონისძიება „შეფ-ლიტერატორი“ გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-დან აცნობეს,ღონისძიებაზე საზოგადოებისთვის ცნობილი ავტორები ერთმანეთს არა სიტყვებით თამაშსა თუ საავტორო ტექსტების შედგენაში, არამედ კერძების მომზადებაში შეეჯიბრნენ.

მათივე ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობა მიიღეს მწერლებმა: ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, ალეკო შუღლაძემ, თეონა დოლენჯაშვილმა, ვასო გულეურმა, მარიამ ხუცურაულმა, თათული ღვინიანიძემ და იაგო თვალაბეიშვილმა.

„უჩვეულო შეჯიბრმა აზიური სამზარეულოს ფურშეტით და ქართული ღვინის თანხლებით ჩაიარა. მწერლებს კი კორეული სამზარეულოს სიამაყის „ნუდლსზე“ დაყრდნობით, იმპროვიზირებულად, სალათის მომზადება დაევალათ. მომზადებულ კერძებს კომპეტენტური ჟიური: City roof-ის შეფი, ანდრეი სობოლევი, ჟურნალ „გემრიელიას“ რედაქტორი - ქეთი ადეიშვილი და გამომცემლობა “პალიტრა L-ის" დირექტორი, თინა ასათიანი აფასებდნენ“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც ჟიურის წევრებმა განმარტეს, შეფასების კრიტერიუმი როგორც კერძის გემოს, ისე ვიზუალურ მხარეს და დასახელებას ითვალისწინებდა.

გამომცემლობის ინფორმაციით, ავტორების ნაწილი პირველად „ირჯებოდა სამზარეულოში, ამდენად, კერძების მზადების პროცესს იუმორის, განსაკუთრებით კი ალეკო შუღლაძის იუმორის გარეშე არ ჩაუვლია“.

„მე კორეელების დიდ ოჯახში ვიზრდებოდი. ცამეტნი ვიყავით და ყველანი ჩემი მოსწავლეები იყვნენ. იქიდან მომდევს კორეული სამზარეულოს სიყვარული და ცოდნა. იცით რა არის კორეული სამზარეულოს სული? კორეულ სამზარეულოში მთავარი მათი დროშაა... რა სულისკვეთებაც მათ დროშაში იგრძნობა, იგივე იგრძნობა კერძებშიც... სწორედ იმ კერძში, რომელიც ახლა მოვამზადე - რა ჰქვია? - არ ვიცი ჯერ კიდევ მის სახელზე ვფიქრობ... პირობითი სახელია „განგნამსთარი“, - განაცხადა ალეკო შუღლაძემ.

როგორც ჟიურის წევრებმა აღნიშნეს, დაძაბული ორთაბრძოლა განსაკუთრებით ორ ავტორს, ვასო გულეურსა და თეონა დოლენჯაშვილს შორის გაიმართა. ავტორი, რომლის კერძმაც შეფასების სამივე კრიტერიუმი დააკმაყოფილა ვასო გულეური და მისი „კორო No“ აღმოჩნდა და მისი გამარჯვება სწორად შერჩეულმა კერძის სახელმა გადაწყვიტა.

„ერეთხელ მაქვს დაგემოვნებული კორეული სამზარეულო. ამდენად, წარმოდგენა მქონდა. ვიცი, რომ ერთ-ერთი წამყვანი საკმაზი მათი სოუსია - ცოტა ცხარე-მომჟავო-მოტკბო გემოთი. ინგრედიენტებიც კორეული სულისკვეთებით დავანაწევრე და ავაწყე. მისი სახელი გახლავთ „კორო No“ - მსოფლიოში გავრცელებული ვირუსის საპატივცემულოდ, მისი ოდნავ შეცვლილი სიტყვათთამაშის ფორმით. No - იმიტომ, რომ სალათი ჯანსაღია და ვინც მას დააგემოვნებს ვირუსების არ უნდა შეეშინდეს“, - განაცხადა ვასო გულეურმა.

გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ინფორმაციით, კონკურსის შვიდივე მონაწილეს გადაეცა საჩუქრები გამომცელობისგან, სტამბა "კოლორისგან" და ასევე, თმის პროფესიონალური მოვლის ახალი იტალიური ბრენდისგან "დიქსთინქთ" - DXTINC. გამარჯვებულმა კი ყვარელში, სასტუმრო "როიალ ბატონის" ვაუჩერი მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო