არჩილ თალაკვაძე - 2019 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავა

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ 2019 წელი იყო ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი იურიდიული კომიტეტისთვის. რადგან სწორედ ამ პერიოდში კომიტეტმა იმუშავა ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელ არაერთ საკანონმდებლო რეფორმაზე,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, სიტყვით გამოსვლისას არჩილ თალაკვაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ გაწეული საკანონმდებლო საზედამხედველო სამუშაოსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კომიტეტმა 91 საკანონმდებლო ინიციატივაზე, 412 კანონპროექტსა და 69 საკანონმდებლო წინადადებაზე იმუშავა, ასევე, უპასუხა 2530-ზე მეტ მომართვას მოქალაქეების მხრიდან, რაც, მისივე შეფასებით ადასტურებს, რომ გასული წელი იურიდიულ საკითხთა კომიტეტისთვის ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი წელი იყო.

არჩილ თალაკვაძემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაშიც კომიტეტის მიერ შეტანილი წვლილი განსაკუთრებულია.

„მინდა გამოვყო კომიტეტის წვლილი მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შემუშავებასა და მიღებაში. ეს საკანონმდებლო რეფორმა ემსახურება საერთო სასამართლოების, მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და გაძლიერების მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებას. ამ პაკეტის მიღების შედეგად დაიხვეწა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურა, ამაღლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის სტანდარტი და გაიზარდა იუსტიციის უმაღლესი სკოლის ავტონომიურობა“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც იურიდიულ საქმეთა კომიტეტს საკვანძო ფუნქცია ჰქონდა, არის საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებისა და უპრეცედენტოდ გამჭვირვალე პროცედურის დადგენა და ამ რეგულაციების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამან საფუძველი ჩაუყარა მოსამართლეთა შერჩევის და დამტკიცების ღია, დემოკრატიულ პროცესს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტი მზადაა შემდგომი სამუშაოსთვის და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებისთვის, რომელიც გონივრული იქნება პროცესის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

არჩილ თალაკვაძემ დაასახელა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სხვა კანონებიც, რომლებიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო და რომელთა მიღებაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ძალისხმევას უკავშირდება - მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მედიაციის შესახებ ახალი კანონი და ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას ეხება.

„2020 წელსაც, კომიტეტს და პარლამენტს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები შესასრულებელი. ეს არის ეუთოს, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის რეკომენდაციების ასახვა საარჩევნო კანონმდებლობაში და ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი. ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი ორგანული კანონი. მჯერა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და მისი აპარატი წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას.

არჩილ თალაკვაძემ კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, კომიტეტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს საზოგადოებისთვის გაწეული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ანგარიშის ჩაბარებას.

ბორის სოკოლოვი - ბელარუსში პროცესები შესაძლოა დასრულდეს ან საპროტესტო აქციების ჩახშობით ან ლუკაშენკოს ხელისუფლების დამხობით
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
სერვისი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვების ბიზნესს ამარტივებს
სამშენებლო კომპანია "ანაგი" განცხადებას ავრცელებს (R)