დავით ზალკალიანი - უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ნატო-ს გენერალური მდივნ​ის მოადგილესთან და კოლეგა მინისტრებთან ერთად შავი ზღვის რეგიონისადმი მიძღვნილ პანელში მიიღო მონაწილეობა.

„შავი ზღვის რეგიონი ყოველთვის იყო ინტენსიური სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების ადგილი და ის სულ უფრო გარდაიქმნება სხვადასხვა აქტორების მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერაქციის მიზიდულობის ცენტრად. რეგიონის ქვეყნების და არა მარტო, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების ზრდის ფონზე, უფრო მეტად არის ერთმანეთზე გადაჭდობილი ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები. სამწუხაროდ, გამყოფი ხაზების და გავლენათა ზონების შექმნის პოლიტიკური ინტერესი კი, ნეგატიურად აისახება რეგიონის როგორც პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების საერთო სურათზე“, - განაცხადა პანელზე გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ დრამატულად შეცვალა პოლიტიკური და უსაფრთხოების ბალანსი შავი ზღვის რეგიონში და გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მინისტრის განცხადებით, ნატოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია და საქართველო, როგორც რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით დაინტერესებული ქვეყანა, გააგრძელებს ალიანსთან მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავებას ამ მიმართულებით.

„2016 წლის ვარშავის სამიტზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაზრდილიყო ნატოს ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში, კერძოდ, შავი ზღვის რეგიონში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნატოში ესმით - უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე წარმოუდგენელია ევროპის უსაფრთხოება და სტაბილურობა“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, ალიანსთან შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილებაა, რომელშიც ნატოს ეგიდით მიმდინარე სხვა ოპერაციების მსგავსად, საქართველო მოქმედებს, როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფი.

„საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და შავი ზღვის უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილი აჩვენებს, რომ საქართველო ყველაზე სანდო და უნარიანი პარტნიორია“, - აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, საქართველო და უკრაინა ალიანსის მნიშვნელოვანი მოკავშირეები არიან და მნიშნელოვანია, რომ ნატოს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის ორივე ქვეყანა მაქსიმალურად იყოს ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების პროცესში. მინისტრის აზრით, ასევე მნიშვნელოვანია ალიანსს ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია რეგიონის მიმართ, შავი ზღვის ჩათვლით; ძალიან მნიშვნელოვანია ასევე იმ გამოწვევის წინაშე მტკიცედ და ერთად დგომა, რასაც რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებები და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფა წარმოადგენს.

„გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობის წინაშე ეფექტიანი ქმედებისთვის, შავი ზღვის რეგიონი საჭიროებს ყოვლისმომცველ მიდგომას და ნატოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობას პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მიმართულებით. ასეთი სტრატეგიით გათვალისწინებული უნდა იყოს შავი ზღვის ქვეყნების მიღწევები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს მეტი ჩართულობა კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში, რეგიონალური პარტნიორობის შესაძლებლობების შენების და რეგიონალური და გლობალური პროექტების მხარდაჭერის პარალელურად“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს 14-15 თებერვალს მიმდინარე მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ლადო პაპავა - საქართველოში სტაბილურად არასტაბილური ვითარება მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2020
ვიქტორ ყიფიანი - ევროკავშირი საქართველოს  რეგიონში მთავარ პარტნიორად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველო სრულადაა ჩართული „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მრავალმხრიან  არქიტექტურაში
სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები
„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა
„ტერაბანკმა“ იურიდიული პირებისთვის მობაილბანკი შექმნა