გედევან ფოფხაძე ირაკლი შოთაძეს - თუ თქვენს ხელთ არის მტკიცებულებები, რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, აღძრავთ საქმეს და კანონის შესაბამისად იმოქმედებთ?

თუ თქვენს ხელთ არის მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ვთქვათ, პირობითად ბიძინა ივანიშვილმა, თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორია? აღძრავთ საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად? - ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს.

გედევან ფოფხაძე დაინტერესდა, რამდენად არის ინსტიტუციონალური მზადყოფნა პროკურატურის მხრიდან კორუფციულ დანაშაულთან მიმართებაში.

„მაინტერესებს, რამდენად მიგაჩნიათ, რომ ქვეყანა ინსტიტუციონალურად ადეკვატურია კორუფციული დანაშაულის გამოწვევის მიმართ. ალბათ, 7 სტრუქტურაა, რომელიც ებრძვის კორუფციას, მაგრამ არის თუ არა ადეკვატური საპარლამენტო კონტროლი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან მიმართებაში? მიგაჩნიათ, თუ არა, რომ იმ სტრუქტურებს თავისი ინსპექციების და უფლებამოსილების ფარგლებში აქვთ რესურსი ებრძოლონ კორუფციას. ვთქვათ, მთავარი პროკურორი თუ ჩადის კორუფციულ დანაშაულს, რამდენად ეფექტურია სახელმწიფო სისტემა მთავარ პროკურორთან მიმართებაში? რამდენად გაქვთ რესურსი, რომ კორუფციული დანაშაული თუ ჩაიდინა მინისტრმა, მოსამართლემ, პროკურორმა, პრემიერმა რამდენად შეგიძლიათ რეაგირება მოახდინოთ და რამდენად არის კორუფციასთან ბრძოლის ინსტიტუციონალური მზადყოფნა?

მარტივ მოდელირებას შემოგთავაზებთ - თუ თქვენს ხელთ არის მტკიცებულებები, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა ვთქვათ, პირობითად ბიძინა ივანიშვილმა, თქვენი რეაგირება ამასთან დაკავშირებით როგორია? აღძრავთ საქმეს და იმოქმედებთ კანონის შესაბამისად? თუ ვთქვათ, გაქვთ კონკრეტული პოლიტიკური თხოვნა, რომ გედი ფოფხაძე არის არასასურველი პოლიტიკოსი, რომელსაც რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ აღძრათ საქმე და მიაღწიოთ ბრალდებამდე იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივაცია“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ამასთან, ფოფხაძემ შოთაძეს სთხოვა, დაეკონკრეტებინა ბიძინა ივანიშვილის ბიზენსცენტრში, მამუკა ხაზარაძესა და ვანო ჩხარტიშვილს შორის შემდგარი შეხვედრის დეტალები და აღნიშნა, რომ მისთვის გაურკვეველია, როგორ ესწრებოდა გენერალური პროკურორი „კერძო პირის“ სტატუსით ამ შეხვედრას და რამდენად პასუხობდა შოთაძის იქ ყოფნა ამ სტატუსს.

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის გაურკვეველია მთავარი პროკურორი, როგორ უნდა ყოფილიყო კერძო პირი. როგორ შეიძლებოდა თქვენ ჩამოგეხსნათ მთავარი პროკურორის სტატუსი და უფლებამოსილება და ქცეულიყავით კერძო პირად, როდესაც ორ კომპანიას შორის მიდიოდა კერძო თემაზე მსჯელობა. როგორ შეიძლებოდა ერთ-ერთ მხარეზე გავლენა არ მოეხდინა იმას, რომ თქვენ ამ მსჯელობის პერიოდში მთავარი პროკურორი იყავით?!“- მიმართა ფოფხაძემ ირაკლი შოთაძეს.

ფოფხაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატისგან დაინტერესდა, საარჩევნო პერიოდში, როდესაც "დიდი ზღვარია პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერებისა და დამნაშავეების დასჯას შორის", რა პოზიცია ექნება ირაკლი შოთაძეს.

„საარჩევნო პერიოდს ვუახლოვდებით და თქვენ მთავარი პროკურორი იქნებით ამ პერიოდში. აქ მართალა ძალიან დიდი ზღვარია პოლიტიკურად მოტივირებული დაჭერებისა და დამნაშავეების დასჯას შორის. ნამდვილად ვერ მოგიწოდებთ, რომ დამნაშავეები არ დასაჯოთ, პირიქით, გეტყვით, რომ თუ თქვენ იქნებით კორუფციასთან შეურიგებელი მებრძოლი, მაშინ ნებისმიერი ადამიანის მხარდაჭერას უნდა იმსახურებდეთ. ყველა იმ მთავარ პროკურორს დავუჭერ მხარს, რომელიც კორუფციასთან შეურიგებელი იქნება და არანაირ ავტორიტეტს და ფაქტორს არ გაუწევს ანგარიშს იქნება მამუკა ხაზარაძე თუ ვანო ჩხარტიშვილი, თუ ის აშავებს, ერთნაირ სტანდარტში უნდა მოექცეს, მაგრამ რამდენად მზად ხართ იმისთვის, რომ სტანდარტი ერთიანი იყოს და არ იყოს შერჩევითი სამართალი? დღეს შეიძლება ვიღაცამ კორუფციასთან ბრძოლა პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც გაასაღოს და ამაში ნამდვილად არ ვიქნები არავისთან სოლიდარული. მეორე მხრივ, არ მინდა, რომ მთავარი პროკურორი გავლენის ქვეშ მოექცეს და კერძო ინტერესს ემსახურებოდეს და არა საჯარო ინტერესს. საჯარო ინტერესი არის ყველას დასჯა, ვინც დანაშაულს ჩადის. თუ ამ დანაშაულს ჩადის მიხეილ სააკაშვილი - ის უნდა იჯდეს ციხეში, თუ ამ დანაშაულს ჩადის ბიძინა ივანიშვილი - ის უნდა იჯდეს ციხეში, თუ ჩადის გედი ფოფხაძე - ის უნდა იჯდეს ციხეში. არანაირი გამონაკლისი არ უნდა იყოს და თქვენი პოლიტიკური მოტივაცია ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს“, - განაცხადა ფოფხაძემ.

დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა
მინდია დავითაძე - აუცილებელია საქპატენტის უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, რათა ბიზნესს შექმნილ ვითარებაში პრობლემა არ შეექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
Yandex.Taxi საქართველოში კორონავირუსისგან დაზარალებული მძღოლებისთვის ფინანსური მხარდაჭერის ფონდს აფუძნებს
„დანკინმა“ ინფექციურის  და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა