საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას, რომელიც 20 თებერვლის შემდეგ არის დაგეგმილი არ დაესწრება. ამის შესახებ წერილშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოაქვეყნა. საგულისხმოა, რომ ის 7 თებერვლით თარიღდება.

გთავაზობთ საქართველოს საპატრიარქოს წერილს:

“მის უნეტარესობას იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს თეოფილე მესამეს.

თქვენო უნეტარესობავ, მოგესალმებით ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით და გაცნობებთ, რომ მივიღეთ თქვენ მიერ გამოგზავნილი ორი წერილი ეკლესიათა შორის არსებულ პრობლემებზე მსჯელობისთვის იორდანიაში, ქალაქ ამანში, პირველიერარქთა და მათი წარმომადგენლების მიწვევის შესახებ.

კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისთვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით. თქვენი წერილებიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ, ვინაიდან, მან და ზოგიერთი ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა, დაბრკოლებები შეგვექმნას.

ჩვენ ვიზიარებთ თქვენ პოზიციას და ვითარების სერიოზულობიდან გამომდინარე, პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით მივიჩნევთ, რომ აუცილებელია შეხვედრა და საერთო მსჯელობა, მაგრამ ეს ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს, თუ გვსურს, შედეგი მივიღოთ; ხოლო თუ ერთობა ვერ შედგება, ამ ეტაპზე, თავს შევიკავებთ ჩამოსვლისგან.

აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სიამოვნებით ვესწრებოდით და კვლავ დავესწრებით რომელიმე რელიგიური დღესასწაულის ან საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში გამართულ ღონისძიებას.

ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენ ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთავის.

ვლოცულობთ თქვენთვის და მართლმადიდებელ ეკლესიაში მშვიდობისა და ქრისტეში ერთობისთის.

ღმერთმა მოგანიჭოთ მშვიდობა და შემდგომი წარმატებები თქვენ მაღალ მსახურებაში”,-ნათქვამია წერილში, რომლსაც ხელს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე აწერს.

ცნობისთვის, შეკრებაში მონაწილეობას გეგმავს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მეთაური კირილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად