პროკურორის განცხადებით, "რუსთავი2"-მა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, 60 000 ლარის ზიანი განიცადა, რადგან "პორშე" ნიკა გვარამიას საკუთრებაში იყო

"რუსთავი2"-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 60 000 ლარის ზიანი განიცადა იმის გამო, რომ "პორშე მაკანი ესი" ნიკა გვარამიას საკუთრებაში იყო.

„მოწმეებს დამრტყმელ ძალად და არადამრტყმელ ძალად არ ვყოფთ, ჩვენ მოწმეებს სასამართლოში სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოვადგენთ. ორივე მოწმის ჩვენებით ცალსახად დადასტურდა, რომ „ინტერმედია“ ყველანაირად დაინტერესებული იყო „პროესკო მედიას“ გაემარჯვებინა „თეგეტა მოტორსის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში და აღნიშნულით მათ ერთადერთი მოტივით ამოძრავებდათ, რომ ნიკა გვარამიას მიეღო „პორშე მაკანი ესი“ საკუთრებაში. გარდა ამისა, მოწმეთა ჩვენებებით სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებები დადასტურდა, რომელიც სასამართლოს კიდევ ერთხელ აწვდის ინფორმაციას. მხოლოდ 3 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 60 000 ლარის ზიანი განიცადა ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა. იმისათვის, რათა ნიკა გვარამიას "პორშე მაკანი ესი" საკუთრებაში მიეღო, "პროესკო მედია" იხდიდა სამჯერ ნაკლებ თანხას, ვიდრე მას უნდა გადაეხადა წინასწარ შეთანხმების მიხედვით. მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ნიკა გვარამიას როგორმე საკუთრებაში მიეღო ავტომობილი", - აცხადებს გუბელაძე.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალი ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა. ნიკა გვარამიას ბრალად ედება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების გაფლანგვა, კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ნიკა გვარამიას ასევე ბრალი ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ამასთან, მას ქვეყნიდან გასვლის უფლება შეეზღუდა. კახა დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დამენიას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მას ასევე, აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას ბრალი ედება კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში. იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა