არჩილ თალაკვაძე - ჩვენს ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს

მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია, არავის მივცემთ მიზეზს, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ჩატარების შესახებ განაცხადა და ოპოზიცია ორმაგ სტანდარტში დაადანაშაულა.

როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრი მიიღებს და ის საზოგადოებისთვის უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება.

„ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიყიდეს. ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში.

რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ ხელმძღვანელ პირებთანაც ჰქონდათ პირისპირ შეხვედრები და ლოიალურ შეფასებებსაც აკეთებდნენ მედიით. დღეს კი მწვავე მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებენ, თუ საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება, ქვეყანას არევენ. დაუკვირდით, ეს არის მათი გზავნილი და ორმაგი სტანდარტი.

მიუხედავად ამისა, მსურს დავამშვიდო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება მშვიდობის და უსაფრთხოების გარანტორია და ჩვენ არავის მივცემთ მიზეზს და შესაძლებლობას, რომ გარემოებები დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. ამ საკითხთან დაკავშრებით გადაწყვეტილებას მიიღებს პრემიერ-მინისტრი და ჩვენ საზოგადოებას ამ უახლოეს პერიოდში ვაცნობებთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და საქართველოში დაგეგმილი ევროსაბჭოს კომიტეტის ფარგლებში, შესაძლოა, ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ჩამოვიდეს, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დარღვეული აქვს.

ლევან ბოძაშვილი - ახლა არაორდინარული, არასტანდარტული გადაწყვეტილებების დროა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
სოსო არჩვაძე - ეროვნული ვალუტის კურსის რყევამ  შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ის შედეგები, რაც მიღწეულია მთავრობის მიერ
„დრიმლენდ ოაზისი ჩაქვის“ დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინე მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად
„მაკდონალდსი“ ლუგარის ლაბორატორიის პერსონალის კვებაზე ზრუნავს
„ვენდი“ და „დანკინი“ მიწოდების უკონტაქტო სერვისზე გადადის