ჰააგის სააპელაციო სასამართლომ, „იუკოსის“ საქმეზე, რუსეთს 50 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა

ჰააგის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერების სასარგებლოდ 50 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ განაჩენი „იუკოსთან“ დაკავშირებული სამი კომპანიის სასარგებლოდ გამოიტანა, ესენია: „იუკოს უნივერსალი“, „ჰალი ენტერპრაიზი“ და „ვეტერან პეტროლიუმი“. სამივე კომპანიამ დაკარგა თანხა, როდესაც „იუკოსი“ გაკოტრდა. საერთაშორისო არბიტრაჟის ისტორიაში, ეს ყველაზე მსხვილი კომპენსაციაა. ამგვარად, გაუქმდა 2016 წელს საოლქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელმაც რუსეთს ამ თანხის გადახდის ვალდებულება მოუხსნა.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის გადაწყვეტილება „არ იყო სწორი, რაც ნიშნავს იმას, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია“.

შეგახსენებთ, უმსხვილესი ნავთობკომპანია „იუკოსის“ ხელმძღვანელი მიხეილ ხოდორკოვსკი ფინანსური მაქინაციების ბრალდებით 2003 წელს დააპატიმრეს, კომპანიას კი რუსეთის ხელისუფლებამ შეუსაბამოდ მაღალი გადასახადები დააკისრა, რის გამოც კომპანია გაკოტრდა, მასზე კონტროლი კი ხელისუფლებამ მოიპოვა. 2005 წელს ხოდორკოვსკი რუსეთის სასამართლომ ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო. მოგვიანებით, ხოდორკოვსკი პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გაათავისუფლეს. 2014 წელს კი ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას „იუკოსის“ ყოფილი მფლობელებისთვის 50 მილიარდი დოლარის გადახდა დაეკისრა, თუმცა რუსეთმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. 2016 წელს ჰააგის საოლქო სასამართლომ საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა. საქმეზე ბოლოს, ჰააგის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით, რუსეთს „იუკოსის“ სასარგებლოდ 50 მილიარდის გადახდა კვლავ დაეკისრა.

რუსეთს შეუძლია გადაწყვეტილება ნიდერლანდების უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივროს. რუსეთის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. რუსეთის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოხდინა „იმ ფაქტის იგნორირება, რომ „იუკოსის“ ყოფილი აქციონერები არაკეთილსინდისიერი ინვესტორები იყვნენ“.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს