სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე პირველი სემინარი გაიმართა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, სასტუმრო „მოქსი“-ში, სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმის ფარგლებში ნარჩენების პოლიტიკისა და მართვის თემაზე პირველი სემინარი გაიმართა.

ორდღიანი ღონისძიება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის პროექტის „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვა“ მხარდაჭერით ტარდება. სემინარს, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა გახსნა, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, სომხეთისა და აზერბაიჯანის ნარჩენების მართვის სფეროს ექსპერტები ესწრებიან.

სემინარის მთავარი მიზანი ნარჩენების მართვის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებაა. მხარეებმა ნარჩენების განსათავსებელი ობიექტების მართვის პროცესში წარმოქმნილ ძირითად გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ნაგავსაყრელების მოწყობის, რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის, დახურვისა და შემდგომი მოვლის ძირითადი სტანდარტები.

„ეს არის კარგი შესაძლებლობა მეზობელ სახელმწიფოებს გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ასევე, მივიღოთ ინფორმაცია - როგორ იმართება სომხეთსა და აზერბაიჯნში ნარჩენების სფერო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ფორუმის ფარგლებში, შესაძლებლობა გვაქვს ევროკავშირთან შესაბამისობაში ჩვენი კანონმდებლობის თანხვედრასა და პოლიტიკაზეც ვიმსჯელოთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის ფორუმების გამართვა, სადაც კონკრეტული მაგალითების საფუძველზე შეგვიძლია განვიხილოთ რა მიმართულებითაა შესაძლებელი განვითარება და გამოცდილების გაზიარება,“ - აღნიშნა მზია გიორგობიანმა.

„სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფორუმი ნარჩენების პოლიტიკასა და მართვაზე“ ორგანიზებულია საკონსულტაციო კომპანია PEM Consult-ის მიერ.

PEM Consult (გერმანია) და მისი პარტნიორები - INTECUS (გერმანია) და GAMMA (საქართველო) უზრუნველყოფენ ტექნიკურ დახმარებას და კონსულტაციებს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისთვის ორგანიზაციული და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარების კუთხით შემდეგ სფეროებში: ხარისხის მართვა, ადამიანური რესურსები, ფინანსური დაგეგმარება, ტექნიკური დაგეგმარება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

ცნობისთვის, „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტი ითვალისწინებს მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის დანერგვას იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში. პროექტი მოიცავს იმერეთში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას და ქუთაისში მოქმედი ძველი ნაგავსაყრელის დახურვას. ასევე, ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის დანერგვასა და მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვას. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების ფონდის EU-NIFF ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის საერთო ინვესტიცია 26 მილიონი ევროა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა