სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია სტრასბურგში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა შეხვედრა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარ დუნია მიატოვიჩთან გამართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ახალი მანდატის, გადადგმული ნაბიჯების, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს.

ლონდა თოლორაიამ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სამსახურის მიერ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად გადადგმულ ნაბიჯებზე. სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესი იყო სამსახურის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება, რაც ღია კონკურსისა და სამოქალაქო სექტორის მაღალი ჩართულობით განხორციელდა. აქცენტები ასევე გაკეთდა სამსახურის მიერ დასახულ სტრატეგიულ ამოცანებსა და პრიორიტეტებზე. მათ შორის, დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საზოგადოებასთან ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ წარდგენილ კანონპროექტსა და მისი იმპლემენტაციის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. ლონდა თოლორაიამ აღნიშნა, რომ სამსახურის საქმიანობისა და განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და ყველა მიზნობრივ ჯგუფთან აქტიური თანამშრომლობა.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა შეხვედრის ფარგლებში განხილული საკითხების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა და აქტიური თანამშრომლობის გასაგრძელებლად სრული მზაობა გამოთქვა. ის განსაკუთრებით სამსახურის ახალი ფუნქციით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ საქმიანობის პროცესში გამჭვირვალობის პრინციპის დაცვა და გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების პერიოდული ინფორმირება უმნიშვნელოვანესი იქნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო