ნუგზარ თინიკაშვილი - ჯერ დაუზუსტებელია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთიდან ტვირთების შეტანას ზღუდავენ, თუმცა გარკვეული დეფიციტი უკვე შეიქმნა

რუსეთიდან ოკუპირებულ ცხინვალში ტვირთების შეტანაზე რეგულაციები მკაცრდება. რამდენიმე დღეა, ე.წ. საბაჟო პუნქტზე პროდუქტებით დატვირთულ ავტომანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნუგზარ თინიკაშვილის ინფორმაციით, ყველაზე რთული მდგომარეობა ცხინვალშია.

„ჯერ დაუზუსტებელია კონკრეტული მიზეზი, რის გამოც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციიდან ტვირთების შეტანას ზღუდავენ, თუმცა, ფაქტია, რომ გარკვეული დეფიციტი უკვე შეიქმნა. მოსახლეობა შიშობს, რომ ხვალ და ზეგ უფრო რთული მდგომარეობა იქნება, ამიტომ, ბევრი თადარიგს იჭერს და პროდუქტების გარკვეულ რაოდენობას იმარაგებს, რაც კიდევ უფრო მეტად ქმნის დეფიციტურ მდგომარეობას. ეს ეხება უფრო მეტად ცხინვალს, ქალაქს, რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მეურნეობას ეწევა, მათ ზამთრისთვის მომარაგებული აქვთ სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ეწევიან მესაქონლეობას და შესაბამისად, თუ პროდუქტების შეტანაზე შეფერხება გაგრძელდება, ცხინვალის მცხოვრებლებისგან განსხვავებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებელი საკვები პროდუქტების დეფიციტი არ შეექმნებათ.

რთული მდგომარეობაა მედიკამენტებთან დაკავშირებითაც. მოგეხსენებათ, დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, ქართული დასახელების მქონე სამკურნალო საშუალებებს ოკუპირებული რეგიონის ქსელიდან იღებენ, ეს კი სერიოზულ პრობლემებს ქმნის. რეგიონის მცხოვრებთა დიდი ნაწილი მკურნალობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედ სამედიცინო დაწესებულებებში გაცემული დანიშნულებით იტარებს, ეს დანიშნულება კი იმ მედიკამენტებს მოიცავს, რაც ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სააფთიაქო ქსელებში ბრუნავს. შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონში ქართული დასახელების წამლებზე შეზღუდვა კიდევ უფრო დაამძიმებს ამ პაციენტების მდგომარეობას. ეს ყველაფერი რეგიონში მცხოვრები როგორც ქართველი, ასევე ეთნიკურად ოსი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო