ადვოკატი - პროკურატურამ მოიყვანა იდეაში ნიკა მელიას მიერ დაზარალებული, რომელმაც თქვა, რომ იგი დაზარალებულია მთავრობის და მათ მიერ, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა პროკურატურის მოწმემ თქვა, რომ მას მელიასთან პრეტენზია არ აქვს და იმაში, რომ მან 20 ივნისს დაზიანებები მიიღო, დამნაშავე სახელმწიფოა.

როგორც ადვოკატმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ასეთი მოწმეების არსებობა ადასტურებს, რომ საქმე შეკერილია.

„პროკურატურამ მოიყვანა იდეაში ნიკა მელიას მიერ დაზარალებული ქალბატონი, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ იგი დაზარალებულია საქართველოს მთავრობისა და იმ პირების მიერ, ვინც უპასუხიმგებლოდ ჩამოიყვანა გავრილოვი და მთელ ერს მიაყენეს შეურაცხყოფა. არაერთხელ ეცადა პროკურორი, რომ რამენაირად გამოესწორებინა დაზარალებულის ეს პასუხი, თუმცა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა, რომ მართალია მას ძალიან მძიმე დაზიანებები მიადგა, თუმცა მასში ადანაშაულებს მთავრობას და იმ უპასუხისმგებლო თანამდებობის პირების, ვინც გავრილოვი ჩამოიყვანა. ნიკა მელიასთან მას არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

ბრალდების მხარეს მოწმეთა სიაში ჰყავს ადამიანები, ვისაც დაზარალებულობის სტატუსი აქვს მინიჭებული და ცდილობენ ასეთი დაზარალებულებით სასამართლო შეიყვანონ შეცდომაში, რომ ნიკა მელიას ბრალეული ქმედების გამო ეს ადამიანები დაზიანდნენ და დასახიჩრდნენ, რეალურად ამაში მთავარი პასუხისმგებელია სახელმწიფოა. მოქალაქე მოვიდა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ მე ნიკა მელიასთან არანაირი პრეტენზია არ გამაჩნია, ჩემი ჯანმრთელობის დაზიანება არავითარ შემთხვევაში მელიას ბრალდებასთან კავშირში არ არის და ამაში დამნაშავეა სახელმწიფო. ასეთი მოწმეები ნიშნავს, რომ ეს საქმე არის შეკერილი და სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. გარდა სამართალმცავი სტრუქტურის მუშაკებისა, ვინც მოიყვანეს, ყველამ ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ნიკა მელიასთნ მიმართებით არავითარი პრეტენზია არ გააჩნიათ. დაზარალებულმა პირდაპირ უპასუხა, რომ დაპირისპირება და შედეგებიც გამოიწვია იმ სამარცხვინო ფაქტმა, რომ ქართველ ერს მიაყენეს შეურაცხყოფა - გავრილოვი, ჩამოიყავნეს და დაასვეს თავზე და არა ნიკა მელიას პოლიტიკურმა განცხადებამ აქციაზე”, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორი დავით ნეფარიძე აცხადებს, რომ სამართლებრივად დაზარალებული არის პირი, ვისაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. მისი თქმით, დანაშაული ამ შემთხვევაში იყო ის მასობრივი არეულობა, რა დროსაც ეს ადამიანი აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ფეხქვეშ და მიიღო ფიზიკური დაზიანებები, ანუ რომ არა მელიას მოწოდება და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების დაძვრა პარლამენტის შენობაში შესვლისა და პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, ეს ქალი არ დაზიანდებოდა.

„ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ ის მოგვიანებით აქციაზე მივიდა, რა დროსაც მოისმინა ნიკანორ მელიას განცხადება, რომ შევდივარ პარლამენტში. ამის შემდეგ დაიწყო დროის ათვლა და ეს ათვლა როგორც კი დასრულდა, მან ვერც მოასწრო იმ ადგილიდან გამოსვლა. ისე დაიძრნენ აქციის აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები პოლიციელებისკენ კორდონის გარღვევის მიზნით და სწორედ ამ ჭყლეტვის დროს მან მიიღო დაზიანება.

ქალბატონმა განაცხადა, რომ რომ არა გავრილოვის ჩამოსვლა, მე იქ არ ვიქნებოდი, შესაბამისად, არ მოვყვებოდი ამაში. თუმცა სამართლებრივად დაზარალებული არის პირი, ვისაც დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი. დანაშაული ამ შემთხვევაში იყო ის მასობრივი არეულობა, რომელი მასობრივი არეულობის დროსაც ეს ადამიანი აღმოჩნდა აგრესიულად განწყობილი მომიტინგეების ფეხქვეშ და მიიღო ფიზიკური დაზიანებები - ხელზე, თავზე და ა.შ. ანუ რომ არა ნიკანორ მელიას მოწოდება და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების დაძვრა პარლამენტის შენობაში შესვლისა და პოლიციის კორდონის გარღვევის მიზნით, ეს ქალბატონი არ დაშავდებოდა”, - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, მოწმეები ამბობენ, რომ სწორედ მელიას მოწოდებას მოჰყვა არეულობის დაწყება და როდესაც არეულობა დაიწყო, მელია აქციის მონაწილეებს აგრესიის გაძლიერებისა და პოლიციის კორდონის გარღვევისკენ მოუწოდებდა.

შეგახსენებთ, დღეს ბრალდების მხარის სამი მოწმე - ორი პოლიციელი და 20 ივნისის აქციაზე დაშავებული ქალი დაიკითხა. პროცესს ბრალებული ნიკა მელია არ ესწრებოდა. საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 4 მარტს გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა