ვანო მერაბიშვილი - ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე - მე ეს ვერ გამტეხავს

მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე. მე ეს ვერ გამტეხავს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აპირებს, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთოს.

„ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ქვეყანა წავა წინ. გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მსჯავრდებულმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულება, ე.წ. მატროსოვის ციხეს დღეს დატოვა. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ დღეს ეწურებოდა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს. ის სასჯელს რამდენიმე საქმეზე იხდიდა, მათ შორის, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების დამალვის, ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეზე.

სასჯელის შთანთქმის პრინციპით, მერაბიშვილს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ამჟამად სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმის განხილვა მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეზე მერაბიშვილს უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს