ბადრი ჯაფარიძე - „დამხობა“ ძალადობასთანაა დაკავშირებული და მე არ მომწონს ამ ტერმინის გამოყენება - ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები

სიტყვა „დამხობა“ ძალადობასთანაა დაკავშირებული და მე არ მომწონს ამ ტერმინის გამოყენება. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნები, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებები შეაფასა.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, რომ ვანო მერაბიშვილი კვლავ დაიჭირონ, ჯაფარიძემ უპასუხა, რომ „დღევანდელი მართლმსაჯულებისგან ყველაფერი მოსალოდნელია“.

„საზოგადოდ, პოზიტიური მოვლენაა, როდესაც ადამიანი გამოდის ციხიდან. მითუმეტეს, თითქმის 7 წელი იყო და ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს არის დადებითი მოვლენა, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა. ჩვენ მასთან არანაირი კონსულტაცია არ გვქონია და არ გვაქვს. მან თვითონ განაცხადა, როგორც მე მოვისმინე, რომ ის აპირებს თავის მეგობრებთან, თანამებრძოლებთან საუბარს, კონსულტაციებს და დაველოდოთ, რას გამოიღებს მათი კონსულტაციები.

საზოგადოდ, სიტყვა „დამხობა“ ძალადობასთანაა დაკავშირებული და მე არ მომწონს ამ ტერმინის გამოყენება. ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი გზა არის არჩევნების გზა. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის მხოლოდ და მხოლოდ ეს გზა არის მისაღები - არჩევნების გზით დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება იმას, ექნება თუ არა რაიმე ზეგავლენა ოპოზიციის გეგმებზე ვანო მერაბიშვილს, ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „ლელოს“ საკუთარი პოლიტიკური სამოქმედო გეგმა აქვს, რომელზეც მერაბიშვილი გავლენას ვერ მოახდენს.

„პირადად ჩვენი პარტიის გეგმებზე ამას არანაირი ზეგავლენა არ ექნება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო პროგრამა, სამოქმედო გეგმა, რომელსაც ვახორციელებთ. ვანო მერაბიშვილი ალბათ, თვითონ ჩამოყალიბდება, რა შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თუ „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად. ეს მისი გადასაწყვეტია. ჩვენი საზრუნავი საკითხი არ არის“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მატროსოვის ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას გეგმავს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ "საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდება", რაც მისი თქმით, "აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყანაში დაიწყოს განვითარება, ხალხის კეთილდღეობა გაიზარდოს, გაქრეს უიმედობა, ახალგაზრდობას მიეცეს პერსპექტივა, ადამიანებს დასაქმება და ღირსეული ხელფასი, მოხუცებს კი ღირსეული პენსია". ამასთანავე, მერაბიშვილის განცხადებით, ხელისუფლების დამხობის მერე, "მატროსოვის" "კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება".

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის