ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის

ფსიქიატრიული დახმარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიხედვით, კანონს ეცვლება სახელწოდება და ნაცვლად საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ განისაზღვრება - საქართველოს კანონი „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“.

ცვლილებებით რეგულირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო მომსახურებებთან, ფსიქიატრიული დახმარების სფეროში პაციენტის/მომსახურების მიმღების უფლებების დაცვასა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები.

ცვლილებების მიხედვით, კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმად განისაზღვრება სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჩამონათვალი.

კერძოდ, სათემო ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისებია: ფსიქიატრიული ამბულატორიული სამსახური; ფსიქიკური ჯანმრთელობის მობილური გუნდი; ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისული ინტერვენციის სამსახური; სათემო ფსიქიატრიული რეაბილიტაციური დღის ცენტრი; ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულება.

კანონპროექტის თანახმად, მოქმედ კანონს ემატება ახალი მუხლები, რომელთა თანახმად, სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მონიტორინგის ჯგუფის საშუალებით ახორციელებს მონიტორინგს.

„მონიტორინგი ეფუძნება შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც დანერგილი და აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში; იგი წარმოადგენს სტანდარტიზირებულ კითხვარს და დამტკიცებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით; პროექტის 26 -2 მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშების საჯაროობას,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ კანონის მე-16 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად სტაციონარში მყოფი პაციენტის ქცევის კონტროლის მიზნით, შესაძლებელია მის მიმართ ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების გამოყენება და აღნიშნულია, რომ კანონის მე-16 მუხლის რედაქციის დაზუსტება სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო. როგორც პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენისას, კანონპროექტის მომხსენებელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისინი სახალხო დამცველის ამ რეკომენდაციას ვერ გაიზიარებენ, რადგან ეს მეთოდი ნელ-ნელა ამოღებულია სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკიდან.

„ამიტომ ჩვენ ახლა ამას ვერ შემოვიტანთ და მხოლოდ შეზღუდვის ფიზიკურ მეთოდს დავტოვებთ. რას ნიშნავს ეს მეთოდი - სტაციონაში მყოფი ძალადობრივი პაციენტის მიმართ ქცევის კონტროლის მიზნით შესაძლებელია შეზღუდვის გამოყენება ფიზიკური მეთოდით. ეს უკიდურესი გამონაკლისია, წარმოადგენს უსაფრთხობის ზომას და თერაპიული ანუ სამკურნალო ეფექტი არ გააჩნია. შეზღუდვის მეთოდები არის ფიზიკური, მაგალითად მანუალური შეზღუდვა ანუ შებოჭვა, მექანიკური შებოჭვა, იზოლირება, პაციენტის იძულებით მოთავსება განმარტოებით სპეციალიზირებულ ოთახში“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო