დავით ზალკალიანი - კიბერშეტევა  ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმად აღიქმება - ამ გამოწვევის ფონზე აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს

ეს კიბერშეტევა აღიქმება, როგორც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ამ საფრთხის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია აუცილებელია.

“რა თქმა უნდა, ეს კიბერშეტევა აღიქმება, როგორც ჩვენს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმა. ჩვენს ყველა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად ვიყავით ჩართული გამოძიების პროცესში და ამ ეტაპზე არის შესაბამისი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოქმედება არის განხორციელებული რუსეთის სამხედრო სადაზვერვო სამსახურის მხრიდან. ბუნებრივია, მსგავსი სახის ქმედება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას და აუცილებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ამას მისცეს შესაბამისი შეფასება. ჩვენ უკვე გვაქვს გამოხმაურებები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, მათი ერთსულოვანი მხარდაჭერა არის უაღრესად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ მათთან ერთად გავაგრძელოთ ქმედებები იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალში მოხდეს მსგავსი უკანონო ქმედების აღკვეთა და პრევენცია, ჩვენ ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, თუ რა დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა იმ უსაფრთხოების გამოწვევის ფონზე, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ამას კიდევ ემატება სხვა ჰიბრიდული საფრთხეები და მათ შორის კიბერთავდასხმა, რომელიც ერთ-ერთი სახეობაა ამ საფრთხის. ამავე დროს ეს არის იმ საერთო ღირებულებებსა და ფასეულობებზე შეტევა, რომელიც გვაქვს საერთო მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა ძალამ ეს გაითვალისწინოს. აუცილებელია, რომ ამ გამოწვევის ფონზე თავიდან ავიცილოთ ის პოლარიზაცია და დაპირისპირება, რომელიც ქვეყნის შიგნით მიმდინარეობს, რადგანაც ჩვენი საუკეთესო პასუხი ამ სიტუაციაში იქნება მთლიანად ჩვენი კონსოლიდაცია და ამ საერთო გამოწვევებისა და საფრთხეების წინაშე ერთად დგომა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”,- განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო