ლევან ბოძაშვილი - რუსეთის მხრიდან კიბერშეტევა იყო ომის აქტი და მასზე მთავრობამ საერთაშორისო-სამართლებრივი რეაგირება უნდა მოახდინოს

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით, კიბერშეტევა, რომელიც 2019 წლის ოქტომბერში რუსეთის გენშტაბის მიერ განხორციელდა, იურიდიულად ომის აქტს წარმოადგენდა.

როგორც ბოძაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ საკითხის კომენტირებისას განუცხადა, საერთაშორისო კანონმდებლობა, ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის კიბერომის რეგულაციები, ნათლად აღწერს, თუ როგორი სახის კიბერშეტევა წარმოადგენს ომის აქტს საერთაშორისო სამართლებრივად. მისივე განმარტებით, ეს არის კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, უსაფრთხოების სისტემაზე, თანამდებობის პირების პირად და სამსახურებრივ კიბერსივრცესა და მოქალაქეთათვის მნიშვნელოვან კერძო ინფრასტრუქტურებზე.

„ყველა ეს მოქმედება სწორედ ასე იქნა და თან მასიურად განხორციელებული ოქტომბერში. შეტევის მიზანი ასევე იყო საქართველოს კიბერსისტემის შემოწმება, ტესტირება, მისი შესაძლებლობებისა და მედეგობის დადგენა, თუ სად არის შესაბამისი პრობლემები და როგორ რეაგირებს სისტემა ასეთ შეტევაზე.

ამავე დროს, ამ შეტევამ გამოაჩინა, რომ ჩვენი კიბერმედეგობა არის ძალიან სუსტი, ქვეყანა არის დაუცველი და რომ შესაბამის სამსახურებს ევალებათ ამ ყველაფრის გამოსწორება. მხოლოდ საფრთხეების შეფასების დოკუმენტში, რომელიც უკვე ვადაგასულია და ჯერ კიდევ ახალი არ გვაქვს, გაუგებარია, რას აკეთებდა უსაფრთხოების ახალი საბჭო მისი შექმნიდან დღემდე, კიბერუსაფრთხოების ასახვა არ არის საკმარისი.

ამიტომაც, პრემიერის შეფასება, რომ ადგილი ჰქონდა შეუწყნარებელ აქტს, არასაკმარისი და არაადეკვატურია. საჭიროა, ამ ფაქტს მიეცეს სწორი შესაბამისი იურიდიული შეფასება და საქართველომ გამოიყენოს ყველა საშუალება მასზე რეაგირებისათვის, მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებით.

ამავე დროს, უსაფრთხოების საბჭომ დროულად უნდა დაიწყოს კიბერსისტემის შესაძლებლობების შეფასების განხორციელება ამერიკელ და ესტონელ პარტნიორებთან ერთად და სისტემის მედეგობის ამაღლების კოორდინაცია ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართ“, - აღნიშნავს ბოძაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს