თინა ხიდაშელი კიბერშეტევაზე - რუსეთს საერთოდ არაფერი უშლის ხელს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს საქართველოში და როგორც უნდა ისე მოიქცეს

რუსეთს საერთოდ არაფერი უშლის ხელს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს საქართველოში და როგორც უნდა ისე მოიქცეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ საქართველოში განხორციელებულ ფართომასშტაბიან კიბერშეტევასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისი შეფასებით, ამ ყველაფრის ზოგადი მიზანი საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებაა.

„ამით რა მიზანი ჰქონდა რუსეთს, კონკრეტული მიზნის თქმა რთულია, ვიდრე არ ვიცით რა ინფორმაცია წაიღეს და რა ტიპის ზიანი მოგვაყენეს. ეს თუ არ გვეცოდინება შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ამიტომ ჩვენი სახელმწიფოს მთავარი ვალდებულებაა ახლა მოქალაქეებს გაგვაგებინოს რა ზიანი მოგვადგა და რისგან უნდა დავიცვათ თავი. თუ ზოგად მიზანზე ვილაპარაკებთ, ასეთი ტიპის ღონისძიებების უკან, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს დასუსტების მიზანი დგას და რუსეთის მიზანი საქართველოში მუდმივად ეს არის და კიბერშეტევაც ამას ემსახურებოდა.

ომს თუ აპირებს საქართველოში ამისთვის კიბერშეტევა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასე ერთმნიშვნელოვნად კიბერშეტევა პირდაპირ კავშირში არ არის, როდესაც ქვეყანაში რამდენიმე სამხედრო ბაზა აქვს. ეს პრობლემა არ უდგას დღეს რუსეთს საქართველოში, რომ ომი კიბერშეტევით გამოგვიცხადოს. ისევ და ისევ, იმის მიხედვით რა ზიანი მოგვაყენა, უბრალოდ დაგვცინა თუ რეალურად რამე ზიანიც მოგვაყენა, ვიდრე ეს არ გვეცოდინიება, მანამდე ომის კვალიფიკაციაზე საუბარი რთულია“, -განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კითხვაზე, შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს კიბერშეტევას და თუკი შეეცდება რა იქნება ამ ყველაფრის მიზანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხობს, რომ რუსეთს ხელს ამაში საერთოდ არაფერი არ შეუშლის.

„რა დაუშლის ხელს? საქართველოს ხელისუფლებიდან დახვდება ისეთი კიბერმზადყოფნა რომ ამას ვერ გააკეთებს თუ რა? არავითარი პრევენციის მექანიზმი, სამწუხაროდ, დღევანდელი მდგომარეობით არ მუშაობს. ამიტომ, არაფერი არ უშლის რუსეთს საერთოდ ხელს, რომ რაც უნდა ის გააკეთოს საქართელოში და როგორც უნდა ისე მოიქცეს. საპარლამენტო არჩევნების დროს თუ ეს ყველაფერი განახორციელდა, მიზანი საარჩევნო შედეგებში ჩარევა იქნება, პასუხი მე მგონი სრულიად ერთმნიშვნელოვანია“,- აღნიშნა ხიდაშელმა.

როგორც მან ასევე აღნიშნა, კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობას ეკისრება.

„ამაზე პასუხისმგებლობა ზოგადად მთავრობას ეკისრება, ბუნებრივია, იმიტომ, რომ კიბერუსაფრთხოება ეს კომპლექსური ღონისძიებაა და მხოლოდ თავდაცვის სამინისტრო ამ პრობლემას ვერ მიხედავს, მაგრამ ამასობაში კიბერუსაფრთხოების ბიურო ინსტიტუციურად თავდაცვის სამინისტროშია და ის არის ერთგვარი მაორგანიზებელი ძალა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მთელი სისტემის. თუ თავდაცვის სამინისტრო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თავის საქმეს გააკეთებს, ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს სწორი ორიენტირების ჩამოყალიბებას და სწორი სისტემის აწყობას ქვეყანაში, მაგრამ მარტო თავდაცვის სამინისტრო ვერფერს ვერ გააკეთებს, თუ მაგალითად, იგივე საგანგებო სიტუაციების სამსახური არ იქნება ამაში ჩაბმული, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ იქნება ჩაბმული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახური არ იქნება ჩართული, ანუ კომპეტენციებიდან გამომდინარე სხვადასხვა ინსტიტუტებს თავ-თავისი მოვალეობები აქვს“,-აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო