„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება“ 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები. მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება: საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2019 წლის 3 დეკემბრის განცხადებაში აღვნიშნავდით, რომ დარგობრივ ასოციაციებთან კონსულტაციებისა და შეჯერებული გადაწყვეტილების მიღებამდე მიზანშეწონილად მიგვაჩნდა ამ დადგენილების მოქმედების შეჩერება. სამწუხაროდ, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა დარგობრივი ასოციაციების არგუმენტირებული პოზიციის გაზიარება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას გადაწყდა შექმნილიყო მუშა ჯგუფის შეხვედრები, რაც სამწუხაროდ, ასევე უეფექტო აღმოჩნდა, გაიმართა მხოლოდ ორი შეხვედრა (ბოლო 10 იანვარს) და მიღებული მინიმალური დაპირებები კვლავ შეუსრულებელია. მუდმივი მცდელობის მიუხედავად დღემდე ვერ ვიღებთ პასუხებს სპეცალისტების მიერ დასმულ კითხვებზე. აქვე, განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ დარგობრივ ასოციაციებს კარგად ესმით და აღიარებენ სახლმწიფოს ლეგიტიმურ ინტერესს, მოახდინოს საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია, რაზეც სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება არაერთხელ მიუთითებდა. ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო, რომ სახელმწიფოს პირველ რიგში მოეხდინა პროგრამაში ჩართული კლინიკების სელექციის კრიტერიუმების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ განეხილა ტარიფიკაციის საკითხი. დღეის მოცემულობით, 520-ე დადგენილების მიღებით, სახელმწიფო პასუხს სთხოვს არა მხოლოდ არაკეთილსინდისიერ და სამედიცინო დახმარების მინიმალურ სტანდარტებთან შეუსაბამო კლინიკებს, მათ მიერ არასწორად მოთხოვნილ თანხებზე, არამედ ყველა კლინიკას თანაბრად. ბუნებრივია, ეს მიდგომა გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ის ფისკალური ეფექტი, რაზეც გათვლილია ზემოთ აღნიშნული დადგენილება, აშკარად არათანაზომიერია იმ ზიანთან, რაც შეიძლება მიადგეს ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დარგების(განსაკუთრებით მაღალტექნოლოგიურის) არსებობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს საკითხის განხილვას, ხოლო მანამდე მოხდეს მთავრობის 520-ე დადგენილების მოქმედების შეჩერება", - წერია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით