მიხეილ კალანდია - ციხეში ჩასაჯდომად მზად ვარ, მაგრამ ყველა ის პირი, ვინც ჩემ უკანონო პატიმრობას მცირედითაც შეუწყო ხელი, კანონის წინაშე აგებს პასუხს

ეს ყველაფერი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და შავ ლაქად გამყვება. ციხეში ჩასაჯდომად მზად ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება ჩემი მიზანი ის იქნება, ყველა ის პირი, ვინც ჩემ უკანონო პატიმრობას ხელი მცირედითაც შეუწყო, კანონის წინაშე პასუხს აგებს, - ამის შესახებ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ განაცხადა.

მან საკუთარ საბოლოო სიტყვაში, რომელიც სასამართლოში წარმოთქვა, განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი უდანაშაულოა და ამის დასამტკიცებლად, ის ყველაფერს გააკეთებს.

„ალბათ, ეს ყველაფერი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება და შავ ლაქად გამყვება, ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს და ვიცი მთლიანი საქმე. ჩემ წინააღმდეგ საქმე იკერებოდა, ყველანაირად სცადეს ყალბი მტკიცებულებები მოეპოვებინათ და ციხეში გამოვემწყვდიე, არ ვიცი ეს ვის რაში სჭირდებოდა, არ ვიცი ვის რაში ვუშლიდი ხელს ჩემი გარეთ ყოფნით, მაგრამ ფაქტია და ცხადია, 9 თვეა ვარ იქ და 45 წუთი მაქვს სახლში დასარეკად, რამდენიც სახლში ვრეკავ, იმდენი ჩემი და-ძმები ტირილით მესაუბრებიან. ყველანაირად ვარ უდანაშაულო, როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს პროცესი, ის ვიცი რომ ციხეში ჩასაჯდომად მზად ვარ, მაგრამ მთელი ცხოვრება ჩემი მიზანი ის იქნება, ყველა ის პირი ვინც ჩემ უკანონო პატიმრობას ხელი მცირედითაც შეუწყო, კანონის წინაშე ყველა პასუხს აგებს. მე და ჩემმა ოჯახმა ბევრი რაღაც ვიცით, შეიძლება კონკრეტული მტკიცებულება ხელში არ გვეჭიროს, მაგრამ ამის დროც მოვა. ვისაც რა უნდა ის დამაბრალოს, მე და ჩემი ოჯახი ყოველთვის მართლები ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ბევრი რამ შეიცვალა და მთავარ რაღაცას მივხვდი, მთავარია შენ თავთან იყო მართალი, სხვა ფაქტობრივ გარემოებებს მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა კალანდიამ.

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა მიხეილ კალანდიამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილს რამდენჯერმე მიმართა. კალანდიამ მოსამართლეს ობიექტურობა სთხოვა და შეახსენა, რომ მისი სამართლიანობა ახლა ძალიან სჭირდება.

„ბატონო მოსამართლე, თქვენზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება, მაგრამ ფაქტი ერთია, დანებებას არ ვაპირებ. ძალიან გთხოვთ, იყოთ სამართლიანი და ობიექტური, მე ეს ძალიან მჭირდება ახლა, ჩემი ბედი თქვენ ხელშია“, - განაცხადა კალანდიამ.

კალანდიას ყურადღების მიღმა არც საქმის პროკურორები დარჩენია. მან მირიან მეგრელიშვილსა და ბესიკ ქვარცხავასაც მიმართა და სთხოვა, ეფიქრათ იმაზე, რატომ უშვებენ უდანაშაულო ადამიანს ციხეში.

„მე რომ ციხეში წავიდე, მზად ხართ იმისთვის, თქვენ თავთან რომ დარჩებით, გაანალიზოთ, რომ უდანაშაულო ადამიანი ციხეში გაუშვით? იფიქრეთ ამაზე გთხოვთ“, - მიმართა კალანდიამ.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, 25 თებერვალს, 12:00 საათზე გამოაცხადებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო