ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის 4 მოქალაქის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ახალ კორონავირუსზე დაკვირვების ქვეშ ირანის ოთხი მოქალაქე იმყოფება და ლუგარის ლაბორატორიიდან მათი გამოკვლევების პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებისას მათ ცხელება აღენიშნებოდათ, თუმცა ჩატარებული კვლევებით ფილტვების ანთება გამოირიცხა.

"ჩვენს ცენტრში მოთავსდა ირანის 4 მოქალაქე, მათ შორის სამი მამაკაცის ასაკით 20-დან 30 წლამდე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ირანის მოქალაქეებს იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო სამი დღეა ირანში პირველად დადასტურდა ახალი კორონავირუსის კონფირმაციით დაავადება. ამ 3 დღის განმავლობაში 29 შემთხვევიდან 6 გარდაცვალებით დასრულდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრო და ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილობს. ყველა შესაძლო შემთხვევა, რომელიც სრულად არ ექვემდებარება შესაძლო კრიტერიუმის მონაცემებს, მაინც საჭიროდ ჩაითვალა, რომ ინფიცირებული პირები მოეყვანათ ჩვენთან და შესაბამისი კვლევები ჩატარებოდათ.

მოთავსებისას ყველას აღენიშნებოდა ცხელება. ჩატარებული კვლევებით გამოირიცხა ფილტვების ანთება, გამოირიცხა A და B ტიპის ვირუსი, პერიფერიულ სისხლში არსებული მონაცემებით არ დასტურდება ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. დიდი ალბათობით ჩატარებული კვლევების შედეგად, ალბათ არ დადასტურდება ახალი კორონავირუსით ინფიცირება, მაგრამ ჩვენ დღეს უკვე ველოდებით ლუგარის ლაბორატორიას, რომელიც მობრძანდება, აიღებენ ტესტს ახალ კორონავირუსზე და დღის ბოლოსთვის გვეცოდინება ტესტის პასუხი, სავარაუდოდ, პასუხი ნეგატიური იქნება“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, თუ ჩატარებული კვლევებით ტესტის შედეგები ნეგატიური იქნება და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდება, პაციენტების კლინიკური მონაცემები შეფასდება და საავადმყოფოდან მათი გაწერის თაობაზე გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება მიღებული.

"ინფექციურ საავადმყოფოში მათი გაჩერება ტესტის პასუხზეა დამოკიდებული. თუ ჩატარებული კვლევებით ტესტის შედეგები ნეგატიური იქნება და მნიშვნელოვანი პათოლოგიური ცვლილებები არ გამოვლინდება, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა, ტემპერატურული მონაცემი და სხვა კლინიკური მონაცემები შეფასდება. შესაძლებელია, რომ ამ პაციენტებმა 24 სთ-ის შემდეგ, ან ამ პერიოდშივე ჩვენი ცენტრი დატოვონ. მათი ზოგადი მდგომარეობა მძიმე არ არის, თითქმის დამაკმაყოფილებელია",-განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ირანის 4 მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში 22 თებერვალს შეიყვანეს.

იხილეთ ვიდეო: ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ირანის 4 მოქალაქის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლოს გახდება ცნობილი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს