სახალხო დამცველი - თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიუხედავად, სამწუხაროდ, თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, რასაც ხელს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის არარსებობაც უწყობს. კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით, რის გამოც, დისკრიმინაციული პრაქტიკების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, უმეტესწილად, ინდივიდუალური უფლება დარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობა ხდება საჭირო, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ 2019 წლის სპეციალური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

„ყველაზე მაღალი მომართვიანობის მაჩვენებელია გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები. შემდეგ მოდის რელიგიური მრწამსის, განსხვავებული მოსაზრების, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციის შემთხვევები.

წინა პერიოდის მონაცემისგან მნიშვნელოვნად არ შეცვლილა განსხვავებული და პოლიტიკური შეხედულების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ განცხადებების რაოდენობა",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისივე თქმით, გაიზარდა მომართვიანობაა სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებით კერძო სფეროში.

„დაახლოებით, 20%-მდე არის გაზრდილი ეს მაჩვენებელი. 61% მომართვიანობის ეხება სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს საჯარო სამსახურში, ხოლო 29% კერძო ურთიერთობებში. ეს სავარუდოდ არის განპირობებული იქედან, რომ შარშან განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები და სახალხო დამცველის მანდატი გაძლიერდა კერძო პირებთან მიმართებაში.

ასევე, გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევები გვხვდება შრომით ხელშეკრულებებში. როგორც წესი, ფეხმძიმობის თუ მშობიარობის გამო ხელშეკრულებების შეწყვეტის. ამის გამო სახალხო დამცველმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ფეხმძიმობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დეკრეტული შვებულების პრაქტიკის შესწავლაზე. წელს შევისწავლეთ 13 ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის დადებული ხელშეკრულებები, რამაც გამოავლინა არათანაბარი მიდგომები. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესი რადიკალურად განსხვავებულია, რაც არათანაბარ მდგომარეობაში ამყოფებს ქალებს, ფეხმძიმეებს და გენდერული ნიშნით იწვევს მათ ჩაგვრას. ამიტომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს სჭირდება ქალთა მიმართ პოლიტიკა თანაბარი იყოს და საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს",- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები 14%-ს, ხოლო პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 7%-ს შეადგენდა. წინა საანგარიშო პერიოდში განცხადებების 12% განსხვავებულ მოსაზრებას, ხოლო 9% პოლიტიკურ შეხედულებას შეეხებოდა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს რელიგიის ნიშნით თანასწორუფლებიანობის დარღვევაზე განმცხადებელთა 14% დავობდა, ეთნიკური წარმომავლობის გამო დისკრიმინაციაზე - 4% და სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო დისკრიმინაციაზე კი 14% მიუთითებდა. აღნიშნული აერთიანებს ასევე მომართვებს სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ. წინა საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები რელიგიის ნიშნით 11%-ს, ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით 8%-ს, სექსუალური ორიენტაციის ანდა გენდერული იდენტობის გამო კი 8%-ს შეადგენდა.

2019 წელს შემცირებული იყო მომართვიანობა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებთან მიმართებით და მხოლოდ 3%-ში გამოიკვეთა, წინა პერიოდში კი ამ საფუძვლით დისკრიმინაციაზე განმცხადებელთა 6% დავობდა. ასაკის და მოქალაქეობის გამო განსხვავებულ მოპყრობას საქმეთა 2% და 7% პროცენტში ვხვდებით, წინა წელს ეს მონაცემი იყო 3% და 2%, შესაბამისად.

საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ყველაზე დიდი ნაწილი - 21% სხვა ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შემთხვევებს შეეხებოდა. წინა პერიოდში ეს მონაცემი 14%-ს წარმოადგენდა.

წინამდებარე საანგარიშო პერიოდში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტების 61% საჯარო სექტორს, 39% კი კერძო სექტორს მიემართებოდა. წინა პერიოდში განმცხადებლები 69% შემთხვევაში საჯარო სექტორში, 31%-ში კი კერძო სექტორში ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდნენ.

ცნობისთვის, დღეს წარმოდგენილი დოკუმენტი თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-5 სპეციალური ანგარიშია.

ანგარიშში განხილულია 2019 წლის განმავლობაში ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ+ თემის წევრების, რელიგიური უმცირესობების და ხანდაზმული პირების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ არსებული პრობლემები, ასევე, მიმოხილულია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები; გაანალიზებულია 2019 წელს თბილისი პრაიდის შესახებ დისკუსიის ფონზე ლგბტ+ თემის წევრების უფლებების სისტემური დარღვევის და სახელმწიფოს არასათანადო რეაგირების საკითხი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს