განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ევროსაბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციას შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტის რანგში.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, დედაქალაქის მერი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს ანდერს კნაპეს შეხვდა და მასთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ამასთან, მხარეები მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისას მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

კახა კალაძის თქმით, მემორანდუმის მთავარ მიზანს ქვეყნის კულტურის მსოფლიოსთვის უკეთ გაცნობა წარმოადგენს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, გამოვიყენოთ სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმა ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წარმოსაჩენად. დღევანდელი მემორანდუმის მიზანია, მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულტურა, ღირსშესანიშნავი ადგილები. დარწმუნებული ვარ, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს, მეტი ადამიანი დაინტერესდეს ჩვენი ქვეყნითა და ულამაზესი ქალაქით, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით, რომლებიც, ვფიქრობ, მრავლადაა ყველა ქალაქში, რაიონსა და სოფელში. სოფელი არაა, სადაც შეიძლება არ იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. შესაბამისად, საჭიროა ამ ყველაფრის სწორად განვითარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტმა ანდერს კნაპემ მომავალში ქართულ მხარესთან კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

„ჩვენ ვისაუბრეთ ქალაქის მერთან და განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას და ადგილობრივი ხელისუფლების ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობებს. აქ ბატონი მერი არის ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და მეც ჩემს ქვეყანაში, შვედეთში იგივე თანამდებობა მიკავია. ჩვენ დავინტერესდით, თუ როგორ ურთიერთობენ მუნიციპალიტეტები ცენტრალურ ხელისუფლებასთან და კონსულტაციები მათ შორის თუ მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. საქართველოს და თბილისს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, არაჩვეულებრივი სამზარეულო, ღვინო, ჰყავს სტუმართმოყვარე ხალხი. ჩვენი აქტიური თანამშრომლობით ეს პოტენციალი კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს“, - განაცხადა ანდერს კნაპემ.

მემორანდუმის ფარგლებში სამინისტროსა და ათეა-ს შორის თანამშრომლობა შემდეგი მიმართულებებით წარიმართება: კულტურული მარშრუტების პროგრამის განვითარება და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ჩართულობა ახალი კულტურული მარშრუტების შექმნაში, კულტურული ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში; საინფორმაციო, მეთოდოლოგიური და სხვა სახის ინფორმაციის გაცვლა; პარტნიორობა კულტურული ტურიზმის, კულტურული მარშრუტების მიმართულებით საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზებაში; საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების შექმნაში; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება, ადგილობრივი კულტურული ტურიზმისა და ადგილობრივი კულტურული მარშრუტების მართვის სფეროში.

კულტურული მარშრუტები ევროპის საბჭოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელსაც საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. დღესდღეობით ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებულია 38 მარშრუტი, პროგრამაში კი გაერთიანებულია 47 სახელმწიფო.

კულტურული მარშრუტები, მასობრივი პროექტების განხორციელების გზით, ხელს უწყობენ მდგრად განვითარებას და აძლიერებენ მემკვიდრეობასთან წვდომის დივერსიფიცირებულ ფორმებს. მარშრუტების ქსელში ჩართულია 1600-ზე მეტი ინსტიტუცია, რაც ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ მმართველობებს, ასოციაციებსა თუ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ სუბიექტებს შორის სინერგიის საშუალებას იძლევა.

კულტურული მარშრუტების პროგრამას საქართველოში ეროვნულ დონეზე კოორდინაციას უწევს სამინისტრო და მისი ხელშეწყობისათვის აქტიურ კამპანიას ახორციელებს. ორი წლის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2021 წელს ევროპული კულტურული მარშრუტების ფორუმის საქართველოში ჩატარების თაობაზე.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ანდრეას კიფერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და წევრები.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა