სერბეთში საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე ტურიზმის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, ბალკანეთის რეგიონის ტურისტული ოპერატორების და მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ - "Georgia - Travel Destination”.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიება სერბეთის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ილია კობერიძემ გახსნა. პრეზენტაციის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, ღვინის, სამზარეულოსა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ.

ღონისძიების შემდეგ სერბეთში საქართველოს საელჩოს ოფისის სახელით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

ცნობისთვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უმსხვილესი ტურისტული და ღვინის საერთაშორისო გამოფენა ბელგრადში 20-23 თებერვალს ჩატარდა. მასში 40 ქვეყნის 900-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის გამოფენაზე პირველად იყვნენ წარმოდგენილი საქართველოდან ღვინისა და ტურისტული კომპანიები.

საგარეო უწყების ცნობით, ქართული კუთხე სხვა დამთვალიერებლებთან ერთად ასევე მოინახულეს ბელგრადში მყოფმა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სერბეთის შრომის, დასაქმების, ვეტერანებისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, ზორან ჯორჯევიჩმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა