წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს, 26-დან 28 თებერვლის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობისათვის ძალისხმევის გაძლიერება და მათი ოჯახების საჭიროებები“.
მათივე ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებსაც გააჩნიათ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების რთულად ამოსაცნობ ნეშტებთან მუშაობის გამოცდილება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.
„კონფერენციაში, ასევე, მონაწილეობენ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ოჯახების წევრები და ოჯახური ასოციაციების წარმომადგენლები საქართველოდან. მათი ჩართულობის მიზანია, ადგილობრივი კულტურული და რელიგიური წეს-ჩვეულებების სრულად გათვალისწინება სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებისას.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი 2011 წლიდან ახორციელებს საქართველოში მრავალდარგობრივ პროგრამას, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტებისას უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული ადამიანების ხვედრისა და ადგილსამყოფელის დადგენას ისახავს მიზნად. ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილია ანთროპოლოგიური კომპონენტი. ამ ხნის განმავლობაში გაწეული საქმიანობისას გამოიკვეთა ჯერაც ამოუცნობი ნეშტების პრობლემა.
აღნიშნული საერთაშორისო კონფერენციის გამართვა წარმოადგენს მცდელობას, მაქსიმალურად გაძლიერდეს ძალისხმევა მსგავსი შემთხვევების ამოცნობის მიმართულებით და შესაბამისად პასუხი გაეცეს მათი ოჯახებს“, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.