მამუკა მდინარაძე - რეგლამენტის ბუკვალური დაცვით, ახირებები, რომ მინისტრი ყოველ მეორე დღეს აქ იყოს, არ უნდა შევასრულოთ

რეგლამენტის ბუკვალური დაცვით, ახირებები, რომ მინისტრი ყოველ მეორე დღეს აქ იყოს, არ უნდა შევასრულოთ, რადგან ასე უპასუხისმგებლოდ უდგებიან ცალკეული დეპუტატები საქმეს, შეიძლება რეგლამენტიც დავხვეწოთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლას. მდინარაძის თქმით, ადგილი აქვს რეგლამენტის დარღვევას, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც დეპუტატები მინისტრს პარლამენტში დაიბარებენ, ის უნდა მივიდეს. „თუმცა მეორე საკითხია, ეს ფორმალური მოცემულობა უნდა შევუთავსოთ თუ არა ახირებებს. როცა ერთ დღეს მინისტრი პარლამენტშია და მაინც და მაინც მეორე-მესამე დღეს იბარებ მას ხელმეორედ, ამით მას 1 თვიან ინტერვალსაც კი არ აძლევ, რომ დამატებით საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი პასუხები გასცეს. ეს პრაქტიკა დაიხვეწა ჯანდაცვის მინისტრთან მიმართებით. ეკატერინე ტიკარაძე მოსული იყო პარლამენტში, დეპუტატებს გასცა ყველა კითხვაზე პასუხი და შემდეგ იყო ახირება, რომ რეგლამენტის ფორმალური მოთხოვნების დაცვით, რამდენიმე დღეში ისევ გამოცხადებულიყო. კომიტეტმა ჯანდაცვის მინისტრი არა მეორე დღეს, არამედ გარკვეული ვადის შემდეგ დაიბარა. ჩვენ თუ გვინდა, რომ ფორმალური ახირებები გავაფორმოთ, ყოველ მეორე დღეს მინისტრი აქ იყოს და თავის საქმეს მოვწყვიტოთ, ეს საქმეს არ წაადგება. კომიტეტზე მეტ კითხვას დავსვამ და უფრო გაბრაზებული - ეს ახირება არ უნდა იყოს იმის საბაბი, რომ რეგლამენტის დარღვევაზე ვისაუბროთ. რეგლამენტის ბუკვალური დაცვით, ახირებები, რომ მინისტრი ყოველ მეორე დღეს აქ იყოს, არ უნდა შევასრულოთ. ეს პრაქტიკა კიდევ უფრო უნდა დაიხვეწოს, რადგან ასე უპსუხისმგებლოდ უდგებიან ცალკეული დეპუტატები საქმეს, მაშინ შეიძლება რეგლამენტიც დავხვეწოთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ განსაზღვრა უმრავლესობამ საკომიტეტო მოსმენის კონკრეტული პროცედურა და ვადები, როდესაც რეგლამენტს ცვლიდა, მდინარაძემ უპასუხა, რომ "ახირების ამ დონეს ვერავინ წარმოიდგენდა".

"როდესაც რეგლამენტს ვწერდით, გავითვალისწინეთ გარკვეული რისკები და როდესაც მინისტრს ერთი დეპუტატი დაიბარებს კომიტეტის სხდომაზე, მეორე დეპუტატს არ შეუძლია მისი დაბარება 2 თვის განმავლობაში, მაგრამ რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ახირების ამ დონეს ვერავინ წარმოიდგენდა. თუ სხდომათა დარბაზში მოვა მინისტრი და მას პრლამენტი მოუსმენს, მეორე დღესვე რომ არ შეეძლოს დეპუტატს იმავე მინისტრის დაბარება, ასეთი რამ რეგლამენტში გათვალისწინებული, სამწუხაროდ, არ არის. ეს დასახვეწია ამ მიმართულებით", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკომიტეტო მოსმენაზე ფინანსთა მინისტრი არ მივიდა. როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომოკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განმარტა, ივანე მაჭავარიანმა არმოსვლის თაობაზე გადაწყვეტილება მას ამ დილით აცნობა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით