ეროვნულმა ბანკმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა გადამზადების პროექტის განხორციელება დაიწყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს პედაგოგთა პროფესიულ განვითარებას ეკონომიკურ-ფინანსური განათლების მიმართულებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით დაგეგმონ და განახორციელონ ინტერაქტიული გაკვეთილები.

პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავდა ტრენინგ-მოდული, დამხმარე სასწავლო მასალა მასწავლებლებისთვის, განხორციელდა ტრენერთა ტრენინგი, რომელიც, თავის მხრივ, მარტის თვეში 300-მდე, ხოლო წლის ბოლომდე სამოქალაქო განათლების 600-მდე პედაგოგის გადამზადებას ითვალისწინებს.

მასწავლებელთა ტრენინგების შესახებ ინფორმაცია, როგორც განათლების სამინისტროს, ისე სამოქალაქო პედაგოგთა ფორუმის მიერ გავრცელდა და მასზე დარეგისტრირება შესაძლებელი იყო ნებისმიერი დაინტერესებული პედაგოგისთვის, რომელიც საგანს "მოქალაქეობა" ასწავლის. 22-23 თებერვალს მასწავლებელთა პირველი ტრენინგი თბილისში გაიმართა. მომდევნო ტრენინგები კი ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018 წელს დამტკიცდა, სადაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ბანკის აქტიური ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, ფინანსურ-ეკონომიკური განათლების საკითხები საბაზო საფეხურზე, საგანში "მოქალაქეობა" გაერთიანდა. ახალი გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 სასწავლო წელს პირველად მე-7 კლასებში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის ზედა კლასებშიც გაგრძელდება. უშუალოდ ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას მოსწავლეები მიმდინარე წლის აპრილ-მაისიდან შეძლებენ.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის განკუთვნილი დამხმარე სასწავლო მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში მოცემულ ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხს ფარავს, ასევე, მოიცავს ჯგუფურ სამუშაოებს, საკლასო აქტივობებსა თუ სხვა დავალებებს, რომლებიც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოსა და ინტერაქტიულს გახდის. აღნიშნული მასალის ელექტრონული ვერსია ეროვნული ბანკის ვებგვერდზეც აიტვირთება და მის გამოყენებას ყველა დაინტერესებული მასწავლებელი უფასოდ შეძლებს.

„ბავშვები და ახალგაზრდები ფინანსური განათლების ერთ-ერთი პრიორიტეტული სამიზნე ჯგუფია და ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი არაერთ აქტივობას ახორციელებს. თუ დღემდე ეს აქტივობები, ძირითადად, არაფორმალური განათლების გზით ხორციელდებოდა, წელს პირველად, მოსწავლეები ამ საკითხებს უკვე სკოლაშიც შეისწავლიან. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური განათლების საკითხების ირგვლივ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და მათი შესაძლებლობების გაზრდა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო გერმანული შემნახველი ბანკების ფონდს, რომელიც უკვე მრავალი წელია ეროვნული ბანკის პარტნიორია, ასევე, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმს, ვისი აქტიური ჩართულობითაც მოხდა მასწავლებლების მობილიზება და მათთვის ფინანსურ-ეკონომიკური საკითხების შესახებ საჭირო ინფორმაციის გადაცემა", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს