ზაზა გაბუნია - საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მასშტაბურ სამუშაოს იწყებს

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მასშტაბურ სამუშაოს იწყებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

როგორც ზაზა გაბუნიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, როგორც წამყვანი კომიტეტი, მზად არის წარმართოს ეს საკანონმდებლო სამუშაო.

„წინ გვაქვს დიდი სამუშაო, ეს არის მთელი საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზება თვითმმართველობის კოდექსთან. მე მადლობას ვუხდი მთავრობას, რომელმაც ეს პაკეტი მოამზადა. საჭირო იქნება კიდევ რამდენიმე კანონპროექტის დამატება, მათ შორის რეგლამენტში ცვლილებები, რასაც ჩვენ მოვამზადებთ.

ამ პროცესში უფლებამოსილებათა გამიჯვნის კონსტიტუციური ვალდებულება განხორციელდება, ეს ცვლილება მნიშვნელოვანია, მათ შორის, ქონების მართვის საკითხებში, რაც ასევე უნდა აღვიქვათ როგორც დეცენტრალიზაციის რეფორმის თვალსაზრისით გადასადგმელი ნაბიჯები. საკითხები ასევე ეხება ისეთ ნიუანსებს, როგორიცაა რეგულარული სამგზავრო ნებართვების გაცემა, რაც აქამდე მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო და პროექტით ყველა მუნიციპალიტეტს მიეცემა ეს უფლება, რაც საერთო ინტერესი გახლდათ“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჰარმონიზაციის პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, დამატებით აუცილებელია განხორციელდეს ცვლილებები კანონებში სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ და სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ და, ამავდროულად, სრული ჰარმონიზაციისთვის სასურველია ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში.

როგორც ზაზა გაბუნიამ აღნიშნა, კომიტეტი მზად არის მოამზადოს აღნიშნული პროექტები და ინიციატივის წესით წარუდგინოს პარლამენტს, წამყვანი კომიტეტის პოზიციიდან კი უზრუნველყოფს ამ ორივე პროექტის, როგორც უკვე რეგისტრირებულის, ისე დამატებით საჭირო პროექტების განხილვას თანადროულ ვადებში.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი მოცულობითი პაკეტი - კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 170-ზე მეტ კანონპროექტს მოიცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა