გია ვოლსკი - უმრავლესობა რომც აიღონ, ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას

საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. გაერთიანებულმა ოპოზიციამ რომც მოიპოვოს უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ გაერთიანებული ოპოზიცია არჩევნებზე უმრავლესობას მოიპოვებს, იქმნება რისკი, რომ მთავრობა ვერ დაკომპლექტდეს.

„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული განსხვავებულობა - პროდასავლელები, პრორუსები, ულტრალიბერალები, რადიკალები - ვერ შექმნის ქვეყნისთვის სტაბილურობას, უმრავლესობა რომც აიღონ. უმრავლესობას შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მთავრობა შექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია დესტაბილიზაცია. ჩვენ სწორედ ამას ვუფრთხით და იმიტომ ვთქვით უარი ჩვენს აბსოლუტურად გულწრფელ შეთავაზებაზე.

ეკლექტიკა, საშინაო და საგარეო საკითხებთან მიმართებით რადიკალური განსხვავება ქვეყნისთვის ძალიან საფრთხის შემცველია. რომც მოიპოვონ უმრავლესობა, მათი მართვის სისტემა ძალიან მყიფე იქნება. წარმოიდგინეთ, შალვა ნათელაშვილი, რომელსაც ლიდერობაზე პრეტენზია სულ ჰქონდა და მეორე მხარეს გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საკმაოდ განათლებული და გამოცდილი ადამიანია იმისათვის, რომ ვერ მიხვდეს, რომ ნათელაშვილი საკმაოდ დამანგრეველია. აღმშენებელი არც თავად ვაშაძეა. ერთად გაერთიანებული დამანგრეველი ადამიანები საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს, ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციას დესტრუქციული სცენარი აქვს, რის გამოც არ უბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას.

„ნეგატიურია ოპოზიციის განცხადებები, რომ არ დაუბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდას და ისევ რევოლუციური სცენარით გააგრძელებენ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ეს გასაგებია - დესტრუქციული ძალაა, დესტრუქციულად უნდა იმოქმედოს და ასეთი დღის წესრიგი აქვთ. ამაში შესწორებას ვერ შევიტანთ და ვერც გაკვირვებას გამოვხატავთ. აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო ეს გარემოება. მითუმეტეს, გიგი უგულავას დაკავების ფონზე, ამ ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული წამყვანი პარტიები, რასაკვირველია, არ იქნებიან მომხრე, რომ მოლაპარაკებები აწარმოონ და სხვა პოლიტიკურ ინდივიდებსაც, რომლებიც მათზე არიან ჩამოკიდებული, მოუწოდებენ, რომ მათი პოზიცია გაიზიარონ. ეს ერთობის შენარჩუნების გარკვეული წინაპირობაა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა