საქართველოს პრეზიდენტი ჯარისკაცებს - თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, გორში, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გენერალ კვინიტაძისა და საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერებს მიმართა.

"25 თებერვალი, სწორედ ასეთი იყო ეს დღე 1921 წელს, როცა მტრის არმია თბილისში შემოდიოდა. ეს იყო იმ ღირსეული ბრძოლის დასასრული, სადაც თქვენი წინამორბედები ღირსეულად იბრძოდნენ კოჯორსა და ტაბახმელაში. ის ბრძოლა იმ დღეს დასრულდა, მაგრამ ომი არ დასრულებულა. ეს ომი გაგრძელდა, გაგრძელდა 1921 წლის შემდეგაც, როცა აჯანყება აჯანყებას მოსდევდა, იბრძოდა მთელი ქვეყანა, ყველა რეგიონი. ადამიანები იბრძოდნენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობის სული არ გამქრალიყო.

ომი გაგრძელდა ქვეყნის გარეთაც, რადგან კაპიტულაციაზე ხელი არავის მოუწერია. დამოუკიდებლობის სული იმ ქართულ ემიგრაციაშიც გაგრძელდა, სადაც გენერალი კვინიტაძე, ამ აკადემიის სულისჩამდგმელი და ქართული ჯარის ღირსეული წარმომადგენელი დამოუკიდებლობის სულს ქადაგებდა. ეს ბრძოლა გრძელდებოდა და 25 თებერვალი არ არის დამარცხების დღე, რადგან ამის შემდეგ მოვიდა გამარჯვება - 1991 წელი, როცა აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა, როგორც პირველი რესპუბლიკის სამართალმემკვიდრის. გამარჯვებაა ის ფაქტი, რომ დღეს მე, ემიგრაციის წარმომადგენელი, ვდგავარ თქვენს წინაშე როგორც თქვენი პრეზიდენტი და თქვენ ხართ იმ გმირი იუნკერების სამართალმემკვიდრენი, რომლებიც ტაბახმელასა და კოჯორში იბრძოდნენ. ისინი დღეს თქვენით, საქართველო კი, მათი გმირობით ცოცხლობს და მისი დამოუკიდებლობა უკვდავია. გაუმარჯოს დაღუპულ გმირებს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!" - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მან დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პოლკოვნიკ ალექსანდრე ჩხეიძის სახელობის სამხედრო საგამოფენო სივრცე გახსნა, სადაც წარმოდგენილია ქართული საბრძოლო იარაღი და აღჭურვილობა. პრეზიდენტმა ასევე გორში საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გენერალ კვინიტაძის მიერ პარიზში გამოცემული მემუარები და კვინიტაძის ქალიშვილის მიერ აბრეშუმზე მოხატვის ტექნიკით შესრულებული ნამუშევარი გადასცა, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო: საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცებს გმირ იუნკერთა სამართალმემკვიდრეები უწოდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა