ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ჯერჯერობით, არც იტალიის და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებებს არ განვიხილავთ

ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაიამ ჟურნალისტებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ამ დროისთვის კარანტინში რჩება საქართველოს 34 მოქალაქე, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ. მისივე ინფორმაციით, ამ ადამიანებს სიმპტომები არ აღენიშნებათ.

„ჯერჯერობით, მაღალი რისკის ქვეყნებად რჩება ჩინეთი, სამხრეთ კორეა და ირანი. შესაბამისად, საქართველომ ამ მიმართულებით უკვე მიიღო აქტიური პრევენციული ღონისძიებები ფრენების შეზღუდვის და საზღვრების კონტროლის თვალსაზრისით. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, მათთან მოძრაობა შეუზღუდავია. თუმცა ამავე დროს ვფიქრობთ, მეტად გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტებში როგორც მონიტორინგის ღონისძიებები, ასევე მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის კარანტინის ზომები. ამ დროისთვის კარანტინი შეეხო საქართველოს იმ 34 მოქალაქეს, რომლებიც ჩინეთიდან დაბრუნდნენ. არც ერთ მათგანს არ აღენიშნება რაიმე სიმპტომები, თუმცა ჯერჯერობით რჩებიან კარანტინში. კარანტინთან ერთად, შესაძლებელია თვითიზოლაციის ვარიანტის განხილვაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგოები შეაფასებენ ამისთვის პირობებს. ჯერჯერობით, არც იტალიის და არც ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან მიმართებით, მოგზაურობის შეზღუდვის წინადადებებს არ განვიხილავთ,"- განაცხადა ბარკალაიამ.

მისივე განცხადებით, გაურკვეველია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას რა დრო დასჭირდება. ბარკალაიას თქმით, ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, ვაქცინის შესაქმნელად და საცდელად სულ მცირე 6 თვეა საჭირო.

„ჯერჯერობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ვერ ასახელებს მოსალოდნელი სტაბილიზაციის თარიღს და არც იმაზე კეთდება მკაფიო განცხადებები, თუ რა ტენდენციას უნდა ველოდოთ.

მეცნიერების სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ ვაქცინაზე, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ვაქცინა გამოყენებისთვის ხელმისაწვდომი, ცნობილი არ არის. ყველაზე ოპტიმისტურ სცენარში, სულ მცირე 6 თვეა ის მინიმალური პერიოდი, რაც შეიძლება დასჭირდეს ვაქცინის გამოყვანას და შემდეგ მის გამოცდას,"- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს