ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს ობიექტურად რომ გამოეძიებინათ ხორავას ქუჩის საქმე, დღეს ასეთი მღელვარე პროცესები არ იქნებოდა

„ადამიანის უფლებათა ცეტრის“ წარმომადგენლის, ზაზა სარალიძის ოჯახის ინტერესების დამცველის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანოებს ობიექტურად რომ გამოეძიებინათ ხორავას ქუჩის საქმე, დღეს ასეთი მღელვარე პროცესები არ იქნებოდა.

ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მიხეილ კალანდიას მიმართ. პირველი, რაც ამ განაჩენის მოსმენის დროს მინდოდა მეკითხა, მივიღებდით თუ არა ასეთ დაძაბულ მდგომარეობას იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო ორგანოები თავდაპირველადვე ობიექტურად იმოქმედებდნენ, ყველაფერს გააკეთებდნენ იმისთვის, რომ სიმართლე და ჭეშმარიტება დადგენილიყო. დიახ, ამ მდგომარეობას არ მივიღებდით. არ მივიღებდით ამდენ დაპირისპირებულ მხარეს, ასეთ მღელვარე პროცესებს“,-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

მისი განმარტებით, მიხეილ კალანდიას ოჯახი მტკიცებულებებს ანადგურებდა.

„მიხეილ კალანდიას ოჯახი გახლავთ ის ოჯახი, რომელიც კარგად ვიხილეთ, როგორ ანადგურებდა მტკიცებულებებს, ყრიდნენ სისხლიან ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს ანადგურებდნენ და უფო მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს გადაემალათ არასრულწლოვანი ბავშვები. მე ვსვამ კითხვას, ამ ოჯახის სრულწლოვანმა წევრებმა ეს მხოლოდ იმისთვის გააკეთეს, რომ შვილის მეგობარი დაეფარათ?! სრულწლოვან წევრებზე ვსაუბრობთ, იმ წევრებზე, რომლებიც კარგად აცნობიერებდნენ, რომ ეს დანაშაულებრივ ქმედებებს წარმოადგენდა. თუ საქმეს კარგად გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მათი ყველა ქმედება, რაც კი მიხეილ კალანდიას უკავშირდებოდა, არ ხდებოდა კითხვების დასმა, არ ხდებოდა ამ ყველაფრის წარმოჩენა. სწორედ ამ ქმედებებმა მიგვიყვანა დღეს აქამდე. ძალიან რთულია ვთქვათ, რომ ჩვენ ამ განაჩენს მივესალმებით, რადგან ამ განაჩენით კიდევ ერთი ახალგაზრდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდება, თუმცა კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, არც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და არც დაზარალებულის პოზიცია არ არის ის, რომ უდანაშაულო პირი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხვდეს. მაგრამ არც იმას დავუშვებთ, რომ ადამიანი, რომელმაც ასეთ მძიმე დანაშაულში მიიღო მონაწილეობა, გარეთ დადიოდეს. სწორედ ამიტომ დღეს შემიძლია ვთქვა, სასამართლო წარმოადგენს იმ რგოლს, რომელმაც ერთიანი, მიზანმიმართული პოზიცია გამოიჩინა, რომლისთვისაც არ გადაუხვევია“,-განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, „სარალიძის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბინძური კამპანია კალანდიების მიერ დაიგეგმა“. ლონდარიძის განმარტებით, საქმეში კიდევ არაერთი კითხვის ნიშანია, რომელიც სრულად უნდა იყოს გამოძიებული.

„ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას და კითხვებს ვსვამთ სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც დღეს უკვე გენერალური პროკურორი ბატონი შოთაძე ამ პოზიციაზე ბრუნდებოდა, ჩვენ ეს კითხვები გვქონდა და დღესაც აუცილებლად გვექნება. ამ საქმეს აუცილებლად გავაგრძელებთ“,- განაცხადა მან.

ცნობისთვის, სასამართლომ მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა გამოაცხადა. მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში ხმაური მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს