გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარი - დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება

გერმანიის მარშალის ფონდის უფროსი მკვლევარის, ჯონათან კაცის განცხადებით, დასავლეთში საქართველოს მთავრობაზე ზეწოლა გაგრძელდება. ამის შესახებ მან „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა.

„ვფიქრობ, ამერიკის მთავრობის და კონგრესის წევრების მხრიდან ნათელი განცხადებები გაკეთდა, სადაც საუბარი იყო შეშფოთების მიზეზებზე, როგორიცაა საარჩევნო რეფორმაზე წინსვლის ნაკლებობა, დაკავებებზე, რომელიც პოლიტიკურად მოტივირებულად გამოიყურება, და სასამართლო სისტემის გამოწვევებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თაობაზე. ეს საკითხები რამდენიმე წერილში იყო ხაზგასმული. საქართველოს მთავრობისგან, შეერთებულ შტატებს და საქართველოს პარტნიორებს სურთ იხილონ საარჩევნო რეფორმაზე გაცემული საკუთარი დაპირების შესრულება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა. დღეს ამას არანაირი საზომით არ უჩანს პირი“, - განაცხადა ჯონათან კაცმა.

მისი თქმით, დასავლეთის მიზანი ქართული საზოგადოების მხარდაჭერაა.

„დასავლეთს სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს, მაგრამ არსებობს მზარდი შეშფოთება. ადგილზე, თბილისში, ელჩების და სხვა დიპლომატების მცდელობა ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ ქმნის შესაძლებლობას. ბევრის აზრით ეს [ჩიხი] საქართველოს ევროატლანტიკურ სვლას ემუქრება და უხსნის კარს კრემლის მეტად ჩარევის მცდელობას. ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის და მათი სურვილის, რომ დემოკრატიაში იცხოვრონ და მათი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის. ახლა მთავრობაში მყოფი ხალხის და ოპოზიციის ჯერია, რომ დასხდნენ და გამოსავალი იპოვონ. საქართველოსთვის ეს კრიტიკული მომენტია და თუ ეს პრობლემები არ გადაწყდება ამას გრძელვადიანი შედეგები ექნება“, - აღნიშნა მან.

ჯონათან კაცის თქმით, საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მომავალი განვითარება დარჩება დასავლეთის ყურადღების ცენტრში. მან აღნიშნა, რომ თუ საარჩევნო სისტემის გარშემო შეთანხმება ვერ მოხერხდება, „ქართულ ოცნებას“ დასავლელი პარტნიორებისთვის გაუჭირდება იმის ახსნა, „თუ რატომ აყენებს პარტიის და ცალკეული პირების ინტერესებს ქვეყნის ინტერესების წინ“.

„იმ განცხადებებიდან, რომელიც ვიხილეთ, ჩანს, რომ დასავლელი პარტნიორები არ აიგნორებენ [საქართველოში] მიმდინარე მოვლენებს და ველი, რომ ზეწოლა და მთავრობის ჩართულობისკენ მოწოდება არ დასრულება. თუ ეს „სტატუს კვო“ შენარჩუნდება, საქართველოსთვის და განსაკუთრებით „ქართული ოცნებისთვის“, უფრო და უფრო რთული გახდება აუხსნას მის პარტნიორებს, რომ რასაც ახლა აკეთებენ ამას საქართველო სწორი მიმართულებით მიჰყავს. ცალკეული პირების და პარტიის ინტერესების საქართველოს და ქართველი ხალხის წინ დაყენება დასავლელი პარტნიორებისთვის გაუგებარია“, - აცხადებს კაცი.

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა