სერგი კაპანაძე - მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება არის არა დათმობა, არამედ ქიში ოპოზიციის მხრიდან

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ოპოზიციაში შეთანხმება ჯერ მხოლოდ თბილისის მაჟორიტარული ოლქების ნაწილთან დაკავშირებით არსებობს, ნაწილთან მიმართებაში კი კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც სერგი კაპანაძემ განმარტა, არასწორია იმაზე საუბარი, რომ ვინმე ვინმეს კონკრეტულ კანდიდატს თავს ახვევს.

"მუშაობა მიმდინარეობს მაჟორიტარ დეპუტატებზე და ოლქების ნაწილში არის შეთანხმება, ნაწილში არ არის. ეს არის სამუშაო პროცესი და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მალე ეს სია შევათანხმოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წასვლით და მისი ოპოზიციაში გადასვლით არის დაინტერესებული.აქ არავინ არავის თავზე არ ახვევს არაფერს. ეს არის საკონსულტაციო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს იქ, სადაც ყველა ოპოზიციური პარტია იმყოფება ანუ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში. შესაბამისად, ვერაფერს დრამატულს ამაში ვერ ვხედავ. შეიძლება უფრო მისკომუნიკაციის ამბავი იყო, ვიდრე რაიმე გართულება. არავინ აპირებს ისე წარიმართოს პროცესი, რომ ვიღაცას ვუთხრათ, სად დააყენოს კანდიდატი ან პირიქით, ჩვენ გვითხრას, სად დავაყენოთ. ასეთი დამოკიდებულება ჩვენ ჩვენს კოლეგებთან არ გვაქვს და მგონი, მათაც ეს ძალიან კარგად იციან.

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ რომელიმე ოლქი არის საბოლოოდ შეთანხმებული ყველასთან. ეს არის არასწორი და ცუდია, თუ ასე გაიგო ვინმემ. ჩვენ ვამბობთ, რომ მიმდინარეობს შეთანხმება და ნაწილ ოლქებში ვართ ძალიან ახლოს შეთანხმებასთან, ან ვართ შეთანხმებული, მათ შორის სხვებთანაც. არაფერი დრამატული არ ხდება, კონსულტაციები გრძელდება,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, კანდიდატებზე შეთანხმება წარმოადგენს გეგმა ბ-ს, რომელიც იმ შეთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა არ შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხების გარანტია იქნება.

"ეს დათმობა კი არ არის, ეს არის ჭადრაკის ტერმინით რომ ვთქვათ, ქიში ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ დღევანდელი სისტემის პირობებში თუ ოპოზიცია აყენებს ერთ კანდიდატს, მაშინ ხელისუფლებას სჭირდება 50 პროცენტზე მეტი მხარდაჭერის მოპოვება, რომ იქ მოიგოს, ზუსტად იგივე, რაც დასჭირდებოდა პროპორციულის შემთხვევაში. ამიტომ ეს არის არა დათმობა, არამედ ქიში და ივანიშვილმა ეს უნდა გაითვალისწინოს, როცა იღებს გადაწყვეტილებას, გადავიდეს პროპორციულზე, თუ დატოვოს დღევანდელი სისტემა,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს